Ford-ის 1950-იანი კონცეპტი ბენზინის ნაცვლად, ურანზე მუშაობდა
1950-იან წლებში, Ford-ის ინოვაციური კონცეპტუალური ავტომობილი დაიბადა, რომელიც Ford Nucleon-ის სახელით გახდა ცნობილი. რით იყო ეს ავტომობილი განსაკუთრებული? - საქმე იმაშია, რომ Nucleon-ი არა სტანდარტულად ბენზინზე, არამედ ურანზე მუშაობდა.
1958 წელს წარმოდგენილი ავტომობილი, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ომისშემდგომი ატომური ოპტიმიზმის პიკს წარმოადგენდა. მაშინ ბევრს სჯეროდა, რომ ბირთვულ ენერგიას თითქმის ყველაფრის გაკეთება შეეძლო და ბირთვული ავტომობილებიც დიდ მიღწევად ითვლებოდა. მაგრამ, Nucleon-ზე მაღალი წარმოდგენების შექმნის მიუხედავადაც, მალევე, რეალობამ ფანტაზია სრულად გადაფარა.
Ford Nucleon-ზე მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო, მაშინ, როდესაც ბირთვული ენერგიის უსაზღვრო პოტენციალის სწამდათ. Ford-ის ინჟინრებმა წარადგინეს ავტომობილი, რომელსაც უკანა მხარეს პატარა, ბირთვული რეაქტორი უნდა ჰქონოდა დამონტაჟებული. თეორიულად, მანქანას 8 000 კილომეტრზე მეტი უნდა გაევლო და შემდგომ, ურანის საწვავით შევსება დასჭირდებოდა.
მიხვდებოდით, რომ ეს თანამედროვე ელექტრომობილების შესაძლებლობებზეც კი, შესამჩნევად მეტია. თუმცა ამ იდეის მიღმა, ავტომობილს საკმაოდ ფუტურისტული დიზაინიც ჰქონდა - დაბალი კორპუსით, პანორამული მინის სახურავით და რეაქტორის კაფსულით, რომლის შეცვლაც სპეციალურად მისთვის შექმნილ სადგურებზე იქნებოდა შესაძლებელი.
თუმცა, მწარე რეალობის დროც დადგა. პროექტის ჩავარდნის უკან კი, რიგი მიზეზები იდგა: დაწყებული ფიზიკით და პრაქტიკულობით, დასრულებული საზოგადოებრივი უსაფრთხოებით. 1950-იანი წლების ტექნოლოგიით სამომხმარებლო ავტომობილისთვის ბირთვული რეაქტორის მინიატურიზაცია შეუძლებელი აღმოჩნდა. მგზავრების რადიაციისგან დასაცავად საჭირო დამცავი საფარი კი, მანქანას წარმოუდგენლად მძიმეს, არაეფექტიანს და საშიშს ხდიდა.
ამას დაუმატეთ პოტენციური ავარიების და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის რისკი... ასე რომ პროექტი იმაზე ადრე გაჩერდა, ვიდრე ის 3/8 მასშტაბის მოდელს გასცდებოდა. წლების შემდეგ კი, საავტომობილო სამყარომ, წიაღისეული საწვავისთვის თავის დასაღწევად ახალი მიდგომა შეიმუშავა და ელექტრომობილებზე გადაერთო.