BMW მომდევნო წლიდან ამ მოდელების წარმოებას შეწყვეტს
გერმანული ავტომწარმოებელი ახალ Neue Klasse-ის ეპოქას იწყებს და წარსულის ნაწილსაც ემშვიდობება. უკვე ცნობილია რამდენიმე მოდელი, რომელთაც 2026 წლიდან წარმოებაში ვეღარ ვიხილავთ, თუმცა BMW, სამომავლოდ, მრავალფეროვან პროდუქციასაც გვპირდება. 2027 წლისთვის, ავტომწარმოებელი სულ მცირე 40 ახალი ან განახლებული მოდელის გაშვებას გეგმავს და ამ ფართომასშტანიანი განახლების ფონზე, ყველა მოდელი ვერ გადარჩება.
X4 კუპე-კროსოვერის არსებული თაობა 2018 წელს გამოვიდა და 2021-ში განახლდა. გერმანული ბრენდი, ამ ეტაპზე, მოდელის ბენზინზე მომუშავე ვერსიების წარმოების შეწყვეტას აანონსებს. ხოლო დიზელზე მომუშავე ვერსიების წარმოება 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ მოდელების ადგილს შედარებით პატარა ზომის X2 დაიკავებს. BMW კი, სამომავლოდ, სრულად ელექტრო iX4-ზე იწყებს მუშაობას.
შედარებით დიდი ზომისა და ელეგანტური დიზაინის მერვე სერია, რომელიც ასევე 2018 წელს ვიხილეთ, წარმოებას შეწყვეტს. აღნიშნული ხაზის უკანასკნელი მოდელი 2026 წლის იქნება. გარდა ამისა, BMW-მ სპეციალური ე.წ. “გამოსამშვიდობებელი” მოდელიც წარადგინა, სახელწოდებით M850i Edition M Heritage. მისი წარმოება მხოლოდ 500 ეგზემპლარით შემოიფარგლება. კომპანიას არც მერვე სერიის შემცვლელზე უთქვამს რამე ახალი. შესაბამისად, უცნობია, ვიხილავთ თუ არა მის პირდაპირ მემკვიდრეს. თუმცა ბევრი იმასაც იმედოვნებს, რომ მე-6 სერია საბოლოოდ დაბრუნდება.
2026 წლის გაზაფხულამდე გაყიდვაში დარჩება სპორტული Z4-იც. თუმცა ახალი ვერსია აღარ გამოვა, რაც ფაქტობრივად BMW-ის მიერ, როდსტერების სეგმენტის დატოვებასაც ნიშნავს. რა მოხდება Z4-ის წარმოების დასრულების შემდეგ უცნობია. BMW-ის არც ის დაუდასტურებია, გამოვა თუ არა ოდესმე ახალი თაობის მოდელი. თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, კომპანიის წამყვანმა აღმასრულებელმა აღნიშნა, რომ Neue Klasse-ს ეპოქაში სავარაუდოდ კვლავ იქნება ადგილი სპორტქარისთვის.