„შეწუხდით რბოლებით? მაშინ საცხოვრებელი შეიცვალეთ“ | აშშ-ში ახალი კანონი ამოქმედდა
გსმენიათ რამე აკრონიმის, NIMBY-ის (not in my backyard) შესახებ? მარტივად რომ აგიხსნათ, ეს აკრონიმი „არა ჩემს ეზოში“ ნიშნავს და მთელს მსოფლიოში, სარბოლო ტრასებისა და მათი მოყვარულებისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. თუმცა ჩრდილოეთ კაროლინამ, ცოტა ხნის წინ, საკმაოდ რადიკალური პოზიცია დაიკავა და მათ, ვისაც ეს ხმაური აწუხებს მოუწოდა: ან სიჩქარის ხმა აიტანონ, ანდაც უბრალოდ სხვაგან გადაცხოვრდნენ.
კანონპროექტი კანონად 30 სექტემბერს, ხელმოწერის შემდეგ იქცა. ახალი წესები შტატში საავტომობილო სპორტის ობიექტებისთვის „რბოლის უფლებას“ უზრუნველყოფს. ახალი კანონი არსებითაც ბლოკავს იმ მაცხოვრებლებისა და დეველოპერების სარჩელებს, რომლებიც ტრასების მახლობლად საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ეს ადგილი უკვე კანონიერად მოქმედი იყო.
გამოდის, რომ მიმდებარედ მცხოვრებლებს არ შეუძლიათ სარჩელის შეტანა იმ ტრასის დახურვის და გაუქმების თაობაზე, რომელიც წესების ფარგლებში უკვე მოქმედი იყო. კანონის თანახმად, სარბოლო ობიექტის ტერიტორიად განსაზღვრულია ყველაფერი, ტრასის საკუთრების ხაზიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საავტომობილო სპორტის ინდუსტრია პატარა სფერო ნამდვილად არაა. ოფიციალური მონაცემებით, მისი შეტანანი ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით $3.8 მილიარდია.
ჯგუფ „პერფორმანსის რბოლის ინდუსტრიის“ (PRI) პრეზიდენტმა, მაიკლ გუდმა გადაწყვეტილება შეაქო და თქვა, რომ „აშშ-ში ცოტა ადგილია, სადაც საავტომობილო სპორტის სული ისეა წარმოდგენილი, როგორც ჩრდილოეთ კაროლინაში“. საინტერესოა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო აიოვას შტატმაც, თუმცა სხვა ადგილებში, მაგალითად ვირჯინიასა და კალიფორნიაში საჩივრების რაოდენობა არ იკლებს. მართალია, ეს მოთხოვნები ტრასების დახურვის მიზეზად არ ქცეულა, თუმცა Laguna Seca-ს შემთხვევაში, მკაცრი შემზღუდავი ზომები დაწესდა.