აშშ, ელექტრომობილები, Ford F-150, Ford F-150 Lightning, ფორდი, ფორდი ეფ-სერია
Aa
Aa

Ford ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ელექტრო პიკაპის წარმოებას შეაჩერებს

ოქტომბერში Ford-მა დაადასტურა, რომ ელექტრო პიკაპ F-150 Lightning-ის წარმოებას განუსაზღვრელი დროით აჩერებს, რათა ბენზინზე მომუშავე F-150-ების წარმოებაზე ფოკუსირდეს. ამის მიზეზი ნოველისის ალუმინის ქარხანაში გაჩენილი ხანძრისგან მიღებული ზარალია, რომლის ანაზღაურებასაც „ლურჯი ოვალი" უფრო მომგებიანი მოდელების წარმოების გაზრდით დააბალანსებს.

ასევე იხილეთ: Ford ფსონს კვლავ შიგაწვისძრავიან სატვირთოებზე ჩამოდის — მიზეზები

კომპანიამ მესამე კვარტალში 10005 ელექტრო F-150 გაყიდა, რამაც 2025 წლის ჯამური რიცხვი 23034 ერთეულამდე მიიყვანა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-იანი ზრდაა. მიუხედავად ამისა, მოდელი Ford-ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გაყიდვადი მანქანაა. ელექტრომობილების ამ „სახეობით" დაინტერესების ნაკლებობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ F-150 Lightning აშშ-ის ყველაზე გაყიდვადი ელექტრო პიკაპია.

General Motors ფორდის კვალდაკვალ

გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, თუმცა გავრცელებული ცნობებით, RAM სრულად ელექტრო 1500 REV-ის წარმოების შეჩერებას განიხილავს. მეტიც, შესაძლოა ხარჯების ოპტიმიზაციის ეს პოლიტიკა სხვა მოდელებსაც შეეხოს.

ამ ეტაპზე ჯენერალ მოტორსი შემდეგ სრულად ელექტრო სატვირთოებს აწარმოებს: Chevrolet Silverado EV, GMC Sierra EV და GMC Hummer EV Pickup.

Chevrolet-მა მესამე კვარტალში მხოლოდ 9379 სრულად ელექტრო Silverado-ს გაყიდვა შეძლო, Sierra EV მხოლოდ 6147-მა ადამიანმა შეიძინა, ხოლო GMC Hummer-ის პიკაპისა და SUV-ის გაყიდვების ჯამურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 13233 ერთეულს მიაღწია. 

მიუხედავად ამისა, ამ ცნობებს GM-ის სპიკერი არ ადასტურებს. მეტიც, კომპანია აცხადებს, რომ ელექტრო პიკაპების წარმოების ხარჯებს წარმატებით ამცირებს.

და თუ ისევ ფორდს დავუბრუნდებით, 2023 წლის შემდეგ, ამერიკულმა გიგანტმა ელექტრომობილების წარმოებით 13 მილიარდი დოლარი დაკარგა და დროა, რამე შეიცვალოს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები