შესაძლოა, Lancer Evo-ს ისტორია ჯერ ისევ არ დასრულებულა
საავტომობილო ინდუსტრია ნამდვილად შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბოლო Lancer Evolution-ი ვიხილეთ — Mitsubishi უფრო მომგებიან პროექტებზე გადაერთო და ევროპულ ბაზარზე Renault-ის სახეცვლილი მოდელები გამოუშვა.
მიუხედავად ამისა, იაპონური ბრენდის ჭეშმარიტი მოყვარულები, რომლებსაც მიცუბიში, პირველ რიგში, რალის ლეგენდარული მოდელის გამო შეუყვარდათ, ფარ-ხმალს არ ყრიან — ეს Lancer Evo-ს დღემდე აცოცხლებს — მოდელი კომპანიის დნმ-ის ნაწილია და შიდა წრეებში მას ხშირად განიხილავენ.

იაპონიის ავტოშოუზე Mitsubishi-მ რამდენიმე ახალი მოდელის ანონსი წარადგინა, მათ შორისაა სპორტული უნივერსალი Elevance, განახლებული Delica D:5 და ახალი თაობის Delica Mini, თუმცა ავტომწარმოებელს პერფორმანსზე ორიენტირებული ავტომობილი სტუმრებისთვის საერთოდ არ უჩვენებია.
მიუხედავად ამისა, ავსტრალიურ გამოცემა Drive-თან საუბარში, მიცუბიშის ინჟინერმა კაორუ სავასემ მიგვანიშნა, რომ Evo-ს ისტორია ჯერ დასრულებული არ არის.
სავასეს თქმით, ევოსთან დაკავშირებით „პირადი ოცნებები" აქვს და სამომავლოდ თუ ეს პროექტი მართლაც განხორციელდება „Evo-ს ელექტრიფიკაციასთან ადაპტირება მოუწევს".
როგორი შეიძლება იყოს მომავლის EVO?
მიცუბიშის ამჟამინდელი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა, რომლითაც Outlander PHEV-ია აღჭურვილი, ორმაგი ელექტროძრავისა და ბენზინის ძრავის კომბინაციაა, რომელიც მანქანას 302 ცხ.ძ-ის გამომუშავებაში ეხმარება. ახალი Elevance ანალოგიურ ფორმულას იყენებს, თუმცა უფრო შორს მიდის — აქვს ოთხი ელექტროძრავა და ძრავა, რომელიც ნახშირბადნეიტრალურ საწავავზე მუშაობს.
თეორიულად, მიცუბიშისთვის ამ კომბინაციიდან ლანსერისთვის უფრო მძლავრი პერფორმანსის გამომუშავება არ უნდა გაუჭირდეს.
უფრო რთული ახალი მოდელისთვის პარტნიორების, Renault-ისა და Nissan-ის, გარეშე ფინანსების მოძიება იქნება.