Lamborghini, სუპერქარები, Lamborghini Temerario, ლამბორგინი, ლამბორგინი ტემერარიო, Lamborghini Temerario Super Trofeo
Aa
Aa

Lamborghini-მ Huracan-ის მემკვიდრე წარადგინა

Lamborghini-მ წარადგინა მოდელი, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ხანი ელოდნენ — ეს ახალი Temerario Super Trofeo-ა, რომელიც უკვე ლეგენდად ქცეულ Huracan-ს ჩაანაცვლებს. 

სუპერქარი მზის სინათლეს ოფიციალურად 2027 წელს იხილავს. პროექტი იტალიურმა მარკამ Lamborghini World Finals-ის დასკვნით კვირას, მიზანოს საერთაშორისო ავტოდრომზე წარადგინა. 

2015 წლის შემდეგ, Scuadra Corsa-ზე Lamborghini-ს სავიზიტო ბარათი Huracan იყო, თუმცა ამჯერად ესტაფეტას Temerario გადაიბარებს და ტრასაზე ბრენდის მე-6 სუპერქარი გახდება.

„2009 წელს ჩვენ თამამი გადაწყვეტილება მივიღეთ და Gallardo Super Trofeo დავაარსეთ. Lamborghini არ შექმნილა სარბოლო ბრენდად, თუმცა ჩვენი მომხმარებლები — Super Trofeo-ში მონაწილე 1300-ზე მეტი მძღოლი — მუდმივად გვთხოვდა, სარბოლო ტრასისათვის განკუთვნილი მოდელი შეგვექმნა. Temerario Super Trofeo-თი ჩვენ ახალ ნაბიჯს ვდგამთ და ვასრულებთ პირობას — ვქმნით ჭეშმარიტად სარბოლო მანქანას", — განაცხადა Automobili Lamborghini-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ვინკელმანმა.

როგორც ყველა ჭეშმარიტი, კუნთებიანი სპორტქარი, Temerario Super Trofeo შიგა წვის ძრავით აღჭურვილი, უკანა ამძრავი მონსტრი იქნება.  

მისი 4-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 641 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალოგიური მოდელის ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ვარიანტის 789 ცხ.ძ-ს თუმცა აღემატება Temerario GT3-ის 577 ცხენის ძალას. 

ასევე, Super Trofeo აღჭურვილი იქნება Capristo-ს ნამუშევარი აირების გამოშვების სისტემითა და KW-ს დაკიდებით. 

რა თქმა უნდა, სანამ Temerario Super Trofeo-ს ტრასაზე ვიხილავთ, კიდევ ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს და ისღა დაგვრჩენია, იმედი გვქონდეს, რომ Lamborghini Huracan-ს ღირსეული მემკვიდრე ეყოლება.

მსგავსი სიახლეები