Cybertruck-ის ნაცვლად Cybercab-ი | რა ბედი ელის ელექტროპიკაპს?
მომავალი წლიდან Tesla ტეხასში მდებარე Gigafactory-ში წარმოების პრიორიტეტებს შეცვლის. როგორც მასკმა უკვე დაადასტურა, ქარხანაში კომპანიის ერთ დროს რევოლუციური ელექტროპიკაპის, Cybertruck-ის წარმოების მოცულობა შემცირდება, რათა Cybercab-ისთვის საჭირო ადგილი გამოთავისუფლდეს.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრომობილები?
საინტერესოა, რომ რობოტაქსების სასარგებლოდ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანიამ იმ ფონზე მიიღო, როდესაც Cybertruck-ის გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია და ხარისხთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა და კითხვაც არსებობს.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მასკმა დაწერა, რომ დაახლოებით 2027 წლის შუა პერიოდიდან Tesla ტეხასში მდებარე ქარხანაში Cybertruck-ის წარმოებას ეტაპობრივად შეამცირებს, რათა Cybercab-ის წარმოების გაფართოებისთვის ადგილი გაათავისუფლოს.

თუმცა არ დაუკონკრეტებია, გეგმავს თუ არა Tesla უახლოეს მომავალში ელექტროპიკაპის წარმოების სრულად შეწყვეტას. ამჟამად ამერიკული კომპანია Cybertruck-ს მხოლოდ ტეხასის ქარხანაში აწარმოებს.
მილიარდერმა მოგვიანებით Cybertruck-ის მთავარი ინჟინრის, უეს მორილის პოსტიც გააზიარა. მორილის განმარტებით, ელექტროპიკაპი „ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა“, რომელიც არსებობას Cybercab-ის პროექტში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ Tesla-მ არასტანდარტული ფორმის ელექტროპიკაპი Cybertruck-ი პირველად 2019 წელს წარადგინა. თუმცა გაყიდვაში მხოლოდ 2023 წელს ჩაეშვა. კომპანიას დიდი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

Kelley Blue Book-ის შეფასებით, აშშ-ში Cybertruck-ის გაყიდვები 2024 წელს 38 965 ერთეულს შეადგენდა, 2025 წელს კი 20 237-მდე შემცირდა. კლება მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში აშშ-ში 11 586 ერთეული Cybertruck-ი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება Cybercab-ს, ეს ორკაციანი ავტონომიური მართვის ელექტრომობილია, რომელიც კომპანიამ 2024 წელს წარადგინა. მას საჭე და მუხრუჭები არ აქვს და სრულად ავტონომიური გადაადგილებისთვისაა შექმნილი. ამ წელს Tesla-მ რობოტაქსები სატესტო რეჟიმში ოსტინის ზოგიერთ უბანშიც გაუშვა და მომხმარებელს Cybercab-ით ფასიანი მგზავრობის სერვისი შესთავაზა.

გასულ თვეში Tesla-ს კვარტალური ფინანსური ანგარიშის წარდგენისას კომპანიის საავტომობილო ინჟინერიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ლარს მორავიმ განაცხადა, რომ კომპანია ავტონომიური ავტომობილების მომხმარებლებზე გაყიდვას 2026 წლის ბოლოსთვის დაიწყებს. თუმცა მასკის განმარტებით, Cybercab-ების უმეტესობას თავად Tesla შეინარჩუნებს და საკუთარი რობოტაქსის სერვისისთვის გამოიყენებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს