Gen Z სედანებს ირჩევს, უფროსები — პიკაპებს | რომელი ბრენდია სხვადასხვა თაობის ფავორიტი?
თაობების მიხედვით, ამერიკელ მძღოლთა საავტომობილო არჩევანი მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაშინ, როდესაც Gen Z-ის წარმომადგენლები უპირატესობას კომპაქტურ სედანებს ანიჭებენ, X თაობისა და „ბეიბი-ბუმერების“ ფავორიტები უფრო მეტად პიკაპები და SUV-ებია.
მოცემულ რეიტინგში ფავორიტი ავტომობილები თაობების — Gen Z-ის, „მილენიალების“, Gen X-ისა და „ბეიბი-ბუმერების“ — მიხედვითაა წარმოდგენილი და თითოეული მათგანის მიერ 10 ყველაზე ხშირად დაზღვეულ ავტომობილს აერთიანებს.

მონაცემები კომპანია Compare.com-ის მიერაა დამუშავებული. კვლევა ამერიკის შეერთებულ შტატებში 58 მილიონზე მეტ ავტოდაზღვევის შეთავაზებას ეფუძნება. რეიტინგი 2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა და იმ ავტომობილებს ასახავს, რომლებიც სადაზღვევო შეთავაზებების მოთხოვნებში იყო მოხსენიებული. ეს ნიშნავს, რომ მონაცემები აშშ-ში რეგისტრირებული ან/და გაყიდული ავტომობილების სრულ სტატისტიკას არ წარმოადგენს.
როგორც კვლევიდან ჩანს, Z თაობა უპირატესობას სედანებს ანიჭებს. კერძოდ, ამ თაობის წარმომადგენლებში პოპულარობით პირველ ადგილს Honda Civic-ი იკავებს. მას Honda Accord-ი და Toyota Camry მოსდევენ. ამ თაობისთვის პოპულარულ ათეულში რვა სედანია, ხოლო SUV-ები საერთოდ არ გვხვდება. ნაკლებად პოპულარული ტიპის ავტომობილებს შორისაა პიკაპებიც: Ford-ის F-სერია მერვე პოზიციაზეა, ხოლო ათეულს Chevrolet Silverado ასრულებს.

ამ თაობაში კომპაქტური სედანების პოპულარობა შესაძლოა მათი შედარებით ხელმისაწვდომი ფასითა და საწვავის ეკონომიურობით ავხსნათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელებს მაღალ საყოფაცხოვრებო ხარჯებთან და სხვა ფინანსურ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეიტინგი მხოლოდ ახალი ავტომობილების შემსყიდველთა არჩევანს არ ასახავს. მაგალითად, Honda Civic-ისა და Toyota Camry-ის პოპულარობა მეორადი ავტომობილების ბაზრის გავლენასაც შეიძლება უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება „მილენიალებს“, მათი არჩევანი პიკაპებსა და სედანებს შორის იყოფა და უფრო მრავალფეროვანიცაა. აქაც პირველ სამ ადგილს კვლავ სედანები ინაწილებენ, მაგრამ, მაგალითად, F-სერია მეოთხე პოზიციაზეა, Gen Z-ის არჩევანთან შედარებით ოთხი პოზიციით მაღლა. მეექვსე ადგილს Chevrolet Silverado იკავებს, ათეულში ასევე გვხვდება Chevrolet Equinox-ი და Jeep Grand Cherokee.
ასეთ მრავალფეროვნებას ამ თაობის ცხოვრების წესსაც უკავშირებენ. ყოველდღიურ გადაადგილებასთან ერთად, მილენიალების ნაწილს მანქანის შერჩევისას სხვა საჭიროებების გათვალისწინებაც უწევს, როგორიცაა ოჯახი, ბავშვები, ხანგრძლივი მგზავრობა და ა.შ.
X თაობისა და „ბეიბი-ბუმერების“ რეიტინგში პირველი ორი ადგილი ერთნაირია: ლიდერობს Ford F-Series-ი, მეორე ადგილზე კი Chevrolet Silverado-ა. თუმცა პოპულარული ტიპი აქ უკვე პიკაპებია, რაც ამ თაობის წარმომადგენლების ცხოვრების წესითა და ამერიკული ავტომობილების ბრენდებისადმი ერთგულებით შეიძლება აიხსნას. Ford-სა და Chevrolet-ს ამერიკული პიკაპების ბაზარზე მრავალწლიანი ისტორია აქვთ.

ასევე, ორივე თაობაში მესამე ადგილს Toyota Camry იკავებს. თუმცა SUV-ების მიმართ ინტერესი უფრო მაღალია: X თაობის ათეულში სამი SUV მოხვდა, „ბეიბი-ბუმერების“ რეიტინგში კი — ხუთი.
აქვე საინტერესოა, რომ ამერიკელ მოსახლეობაში Gen Z-ის თაობა ერთადერთია, რომლის ბრენდების ათეულშიც BMW მოხვდა. Z თაობაში, „მილენიალებსა“ და X თაობაში ყველაზე პოპულარული ბრენდი Chevrolet-ია, „ბეიბი-ბუმერებში“ კი პირველ ადგილს Ford-ი იკავებს.
| რანგი | Gen Z (13–29 წ.) | მილენიალები (29–45 წ.) | Gen X (45–61 წ.) | ბეიბი ბუმერები (61–80 წ.) |
| 1 | Honda Civic | Honda Accord | Ford F-Series | Ford F-Series |
| 2 | Honda Accord | Toyota Camry | Chevrolet Silverado | Chevrolet Silverado |
| 3 | Toyota Camry | Nissan Altima | Toyota Camry | Toyota Camry |
| 4 | Nissan Altima | Ford F-Series | Honda Accord | Honda CR-V |
| 5 | Toyota Corolla | Honda Civic | Nissan Altima | Ford Escape |
| 6 | Hyundai Elantra | Chevrolet Silverado | Chevrolet Equinox | Chevrolet Equinox |
| 7 | Chevrolet Malibu | Toyota Corolla | Toyota Corolla | Honda Accord |
| 8 | Ford F-Series | Chevrolet Malibu | Honda Civic | Toyota RAV4 |
| 9 | Nissan Sentra | Chevrolet Equinox | Ford Escape | Nissan Rogue |
| 10 | Chevrolet Silverado | Jeep Grand Cherokee | Nissan Rogue | Toyota Corolla |
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს