ბოსტონის აეროპორტში მიტოვებული 70-ზე მეტი მანქანა აუქციონზე იყიდება
ახალი ავტომობილების შეძენისას, მფლობელთა უმრავლესობა ძველ ავტომობილს ყიდის ან ნაწილებად შლის და თანხას ასე იღებს. თუმცა მასაჩუსეტსში უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა, რადგან ერთი პერიოდში ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტში ძველი მიტოვებული მანქანების თავშესაფრად იქცა.
ახლა კი ავტომობილები, რომლებმაც აეროპორტის ავტოსადგომზე ერთ წელზე მეტი დრო გაატარეს, JJ Kane Auctions-ს გადაეცა გასაყიდად. Massport-ის ცნობით, მხოლოდ გასულ კვირაში აუქციონზე 71 ავტომობილი გაიტანეს და ხუთშაბათის მდგომარეობით, ყველა მათგანი გაყიდული იყო.

ავტომობილებისთვის საწყისი ფასები არ დაწესებულა და გასაყიდი ღირებულება უკვე აუქციონში მონაწილე პირების მიერ განისაზღვრა. მანქანების უმეტესობას ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის შესახებ პოტენციურ მფლობელებს ინფორმაცია ჰქონდათ.
აუქციონერებმა ამ დრომდე არ იციან, თუ როგორ ან რატომ დატოვეს ათეულობით მანქანა ავტოსადგომზე. ზოგიერთი მათგანი მართლაც საშინელ მდგომარეობაში იყო, თუმცა ნაწილი გასაკვირად კარგად გამოიყურებოდა - მათ შორის 2020 წლის Kia. ზოგიერთ ავტომობილში კი, პირადი ნივთებიც იპოვეს. ასეთი იყო 2014 წლის Toyota Corolla, რომელშიც ბავშვის დაბადების დღის ფოტო და სასაჩუქრე ჩანთა იყო დატოვებული. 2000 წლის Buick LeSabre-ში კი აღმოაჩინეს ხელნაწერი, სადაც ეწერა, რომ ის უსახლკაროთა თავშესაფრიდან მოიპარეს.

ცნობისთვის, მსგავსი აუქციონი რეგულარულად ტარდება. 2017 წელს 65 მანქანა გაიყიდა, 2021 წელს - 63, ხოლო 2022 წელს - 95. მყიდველები იღებენ გაყიდვის ხელშეკრულებას და 10 დღის განმავლობაში საკუთრების უფლების მიღებაც შეუძლიათ. ზოგიერთი მანქანა მხოლოდ ნაწილებისთვისაა ვარგისი, ზოგი კი რეალურ თანხად იყიდება - 2020 წლის Kia Telluride $15 500-ად გაიყიდა.