რა ხდება ბრიტანეთის სამეფო ავტოფარეხში? | ჩარლზ III-ის ავტოკოლექცია
გაერთიანებული სამეფოს მონარქის 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Marshall Motor Group-მა ჩარლზ III-ის ავტოკოლექციისათვის თვალის შევლების საშუალება მოგვცა. როგორც მოსალოდნელი იყო, კოლექცია მფლობელის შესაფერისია და იქ როლს-როისიდან ასტონ მარტინამდე ათობით ძვირადღირებულ ავტომობილს ვხვდებით.
კოლექციაში შედის როგორც მეფის პირადი ავტომობილები, ისე სამეფო ტახტის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული მოდელები, რომლებიც, ტექნიკურად, სახელმწიფოს ეკუთვნის.
„მართალია, სახელმწიფო მანქანებს მეფე თავად არ ფლობს, თუმცა ისინი მისი საჯარო სახის ნაწილია. ეს მანქანები განასახიერებენ სამეფო ტრადიციასა და ცერემონიულობას. მათი უმრავლესობის ყიდვა, უბრალოდ, შეუძლებელია — ვინაიდან ეს ავტომობილები სამეფო ოჯახის ისტორიას ინახავენ, მათი ფასი ბაზრის სტანდარტულ ფასზე ბევრად მაღალია", — აცხადებენ Marshal Motor Group-ში.
ბუნებრივია, გაერთიანებული სამეფოს მონარქის კოლექციაში ვხვდებით როლს-როისებს, რომლებიც ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიის (1997 წლამდე) დროს შეიქმნენ. 3.92 მილიონ დოლარად შეფასებული 1950 წლის Rolls-Royce Phantom IV, 1962 წლის Rolls-Royce Phantom V ($3 920 000) და 1977 წლის Rolls-Royce Phantom VI ($1 710 000).

და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ 460 000 დოლარად შეფასებული Rolls-Royce Cullinan Series II, რომელიც 2023 წელს ჩარლზ III-ს ბაჰრეინის მეფემ უსახსოვრა.
მოგეხსენებათ, როლსი მდიდრული მანქანების მწარმოებელი ერთადერთი ბრიტანული მარკა არ არის — კოლექციაში ვხვდებით ორ Bentley State Limousin-ს, რომელთაგან თითოს ღირებულებაც 1.84 მილიონი დოლარია. 
მეფე ჩარლზის ავტოფარეხში საპატიო ადგილს იკავებს დედოფალ ელისაბედ II-ის ნაჩუქარი Aston Martin DB6 Volante Series II-იც, რომელიც 2.63 მილიონი დოლარი ღირს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყოფილი მონარქი გემოვნებიანი ავტომოყვარული იყო. 
აქვე შევხვდებით ვინტაჟურ მოდელებს, რომელთა შეფასებაც, ალბათ შეუძლებელია — მათ შორისაა 1920 წლის Citroen C4, რომლითაც ბავშვობაში დედოფალ ელისაბედსა და მის დას, პრინცესა მარგარეტს დაატარებდნენ.
ნუ დავივიწყებთ „იაფფასიან“ მოდელებსაც: Lotus Eletre ($184 000), Jaguar I-PACE ($92 000), Audi e-tron ($65 000) და BMW i7 ($217 000).
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილთაგან თითოეული ავტომობილი, სამეფო კავშირების დამსახურებით, საბაზრო ფასზე ბევრად ძვირია — გახსოვთ დედოფლის რეინჯ როვერის ამბავი? Vogue მოსალოდნელ ფასზე ორჯერ ძვირად, 230 000 დოლარად გაიყიდა.
ასევე იხილეთ: ელისაბედ II-ის რეინჯ როვერი აუქციონზე გაიყიდება
თუმცა ეს არ არის ის, რაც მეფე ჩარლზის კოლექციას განსაკუთრებულად აქცევს — არამედ ის, რომ მეფე ენერგიის განახლებად წყაროებზე EV ბუმამდე დიდი ხნით ადრე ფიქრობდა.
მაგალითად, მისი Aston Martin DB6 ბიოსაწვავზე მუშაობდა, რაც 20 წლის წინ ექსცენტრიკულად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ძალიან ინოვაციურად ითვლება.
ბოლოს კი გეტყვით, რომ გაერთიანებული სამეფოს მონარქის ავტოკოლექცია სასაცილოდ მოგეჩვენებათ, როცა ბრუნეის სულთნის კოლექციას იხილავთ. ჰასან ბოლკია 2391 ავტომობილს ფლობს და მათ აღწერას არათუ ერთი სტატია, არამედ ენციკლოპედიაც არ ეყოფოდა...