Cadillac-მა ჩეკო პერეზის პატივსაცემად Escalade-ის სპეციალური გამოშვება წარადგინა
ფორმულა 1 ამერიკაში ინაცვლებს — სანამ ტეხასის ეტაპი დაიწყება, სერია გეზს მექსიკის გრანპრიდან აიღებს, რომელიც კალენდარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ემოციური რბოლაა. ამის აღსანიშნავად, Cadillac-მა სპეციალური სიურპრიზი მოამზადა და სერხიო „ჩეკო“ პერესის პატივსაცემად ლიმიტირებული სერია — Checo Perez Edition Escalade-V წარადგინა.
ახალი სპეცვერსია მექანიკურ ცვლილებებს არ ითვალისწინებს, თუმცა ამას არც არავინ მოელოდა: კაპოტის ქვეშ კვლავ ძლევამოსილი, 6.2-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავი იმალება, რომელიც 682 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მასიურ SUV-ს 0-დან 96 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 4.4 წამში აჩქარებს.
რით არის გამორჩეული „ჩეკოს“ ვერსია?
ავტომობილმა ვიზუალური გაუმჯობესებები მიიღო, რაც F1-ის ფანებს აუცილებლად მოხიბლავს. ტირაჟი მაინცდამაინც ფართო არ იქნება — მოდელის სულ რაღაც 11 ეგზემპლარი აიგება — რიცხვი, რომელიც ზუსტად იმეორებს სერხიო პერესის სარბოლო ნომერს.
დიზაინსა და დეტალებში შესულია განსაკუთრებული ტონალობის შავი ფერის ემბლემები და მონოქრომული Escalade წარწერები წინა და უკანა ნაწილზე, ასევე კარბონის ძრავის ხუფი, ალუმინის სატერფულები, უნიკალური გრაფიკული პროექცია კარის გაღებისას და ექსკლუზიური Welcome Kit-ი.
მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ორ ფერში, რომლებიც პირდაპირ იკვეთება Cadillac-ის F1 ბოლიდის ფერთა გამასთან — შავი და თეთრი.
ყველაზე მთავარი ინტრიგა კი ისაა, რომ 11-ვე ეგზემპლარიდან თითოეული მექსიკურ ბაზარზეა გათვლილი. ასე რომ, თუ აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში ვინმე მზადაა $222 500-ის ექვივალენტი თანხა გადაიხადოს ამ უნიკალური მონსტრისთვის, მას ძებნა სამხრეთით, მექსიკაში მოუწევს!
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს