ნახევრად ამერიკელი, ნახევრად კანადელი | ასე გამოიყურება სავაჭრო ომი, ოთხ ბორბალზე
ამერიკაში მცხოვრებმა 29 წლის ზაკ სატონმა გადაწყვიტა შეექმნა ავტომობილი, რომელიც სხვა არცერთ მოდელს არ ჰგავს. მან ამისთვის 90-იანი წლების ორი მინივენი გამოიყენა და მიიღო ის, რასაც ზოგი ხუმრობით ოთხ ბორბალზე განთავსებულ „სავაჭრო ომს“ უწოდებს. თან რაც არანაკლებ ირონიულია - ორი ავტომობილის შეერთებით მიღებული მანქანა ნახევრად ამერიკულია და ნახევრადაც კანადური.
მანქანის ერთი ნახევარი 1993 წლის Dodge Caravan-დან არის აღებული, რომელიც შეერთებულ შტატებშია აწყობილი. ხოლო მეორე ნახევარი 1991 წლის Plymouth Voyager-ია. ეს უკანასკნელი თავდაპირველად სწორედ კანადაში ეწყობოდა. ორი მინივენი მექანიკურად და სტრუქტურულად მსგავსია, იდენტური წინა ნაწილის სტილით. ეს კი მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ორივე Chrysler-ის სხვადასხვა ბრენდის ქვეშ იყიდება.

უცნაური ქმნილება, რომელსაც მფლობელი Bak2Bak-ს უწოდებს, სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში ეწყობოდა. პროექტი ფურგონების შუაზე გადაჭრით დაიწყო, შემდეგ წინ წინა ნახევრების გასწორება და შედუღება დასჭირდა.
ცნობისთვის, Voyager-ის მხარე ყველა მექანიკური კომპონენტისგან გათავისუფლდა, რის შედეგადაც, მხოლოდ Dodge-ის ქარხნული 3.3-ლიტრიანი V6 ძრავა და ავტომატური გადაცემათა კოლოფი დარჩა მთელი სატონის უნიკალური ქმნილებისთვის. ფუნქციურადაც, ეს პროექტი გარკვეულწილად პარადოქსულია. მანქანას ორი საჭე აქვს და ორივე ღერძი, ხოლო უკანა მიმართულებით სვლის დროს, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. თუმცა წინ მოძრაობისას უკანა ბორბლები ადგილზე რჩება.

ამ ყველაფრის მიუხედავადაც, უნიკალური Chrysler-ის მფლობელს სჯერა, რომ Bak2Bak-ის ლეგალურად გზებზე გაყვანაც შეუძლია. ამის დაშვების საფუძველს კი ის ფაქტი აძლევს, რომ ავტომობილი რეგისტრირებული და დაზღვეულია. თან თავისი ქარხნული 3.3-ლიტრიანი V6 ძრავითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ის უბრალოდ ამტკიცებს, რომ მან ამ პროექტით მხოლოდ ავტომობილის ტრადიციული უკანა მხარე შეცვალა, სხვა არაფერი.