ჩინეთი Tesla-ს სტილის კარის სახელურებს კრძალავს
2027 წლიდან, ჩინეთი თანამედროვე ავტომობილებში, განსაკუთრებით კი ელექტრომობილებში, ხშირად გამოყენებად კარის სახელურებს აკრძალავს. ე.წ. Tesla-ს სტილის კარების სახელურების აკრძალვის გადაწყვეტილება ჩინეთმა ფატალური ავარიების შემაშფოთებლად მზარდი ტენდენციის გამო მიიღო. მსგავსი ავარიებისას, ავტომობილის მგზავრები, ძირითადად მანქანიდან გადმოსვლას კარის სახელურის „ჩაკეტის“ გამო ვერ ახერხებდნენ.

ახალი რეგულაციების თანახმად, უსაფრთხოების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ჩინეთში მოძრავ ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს, როგორც შიდა, ასევე გარე კარის სახელურები - მექანიკური გაღების ფუნქციით - რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის ან ავტომობილის სერიოზული დაზიანების შემთხვევაშიც, კარის გახსნის შესაძლებლობას უზრუნველყოფენ.
წესები, ახალი რეგულაციების პაკეტში, შესაბამისმა უწყებამ ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანა. კანონმდებლობით, 3.5 ტონაზე ნაკლები წონის ნებისმიერ სამგზავრო ავტომობილს უნდა ჰქონდეს კარის სახელური, რომელიც მექანიკურ ფუნქციონირებას ავარიის შემდგომაც ინარჩუნებს. მსგავსი ტიპის ტექნოლოგია, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო და სამაშველო ეკიპაჟსაც, მგზავრების დახმარებას გაუმარტივებს.
ასევე იხილეთ: Tesla-ს 15-ვე ფატალური ავარია ერთი და იმავე პრობლემას უკავშირდება | გამოძიების შედეგები
ელექტროძრავიანი კარის სახელურები, რომლებიც გვხვდება ისეთ მოდელებზე, როგორიცაა Tesla Model S და BYD Seal-ი, ჩინეთში თანამედროვე ელექტრომობილების დიზაინის მახასიათებლად იქცა. Tesla-ს ღილაკიანი სახელურები, რომლებიც Model 3-სა და Model Y-შია წარმოდგენილი, იმავე კატეგორიას მიეკუთვნება.

მსგავსი ტიპის სახელურები მიმზიდველი უმეტესად მისი აეროდინამიკური ეფექტიანობის გამო გახდა, თუმცა ფატალურ ავარიებთან დაკავშირებულმა შემთხვევებმა შეშფოთებებიც გაზარდა. მათ შორის, Tesla-ს ელექტრომობილების გარდა, უკანასკნელ წლებში ჩინური ავტომობილების მონაწილეობით რამდენიმე ფატალური ინციდენტიც ვიხილეთ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასულ წელს მოხდა, როდესაც Xiaomi SU7 Ultra-ს პირველ ფატალურ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.