ოლიმპიელ „ნარკობარონს“ $40 მილიონის ღირებულების მოტოციკლები ჩამოართვეს
პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ, სპორტსმენები, როგორც წესი საკუთარ ბრენდს ქმნიან ან/და სხვა კომპანიებში ინვესტირებით განაგრძობენ ქონების დაგროვებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ცხოვრების სრულიად განსხვავებულ გზას ირჩევენ და ერთ-ერთი ასეთი, სწორედ კანადელი ოლიმპიელი და ახლა უკვე „ნარკობარონის“ სახელით ცნობილი რაიან ვედინგია.


წესით გემახსოვრებათ: ეს სწორედ ის ადამიანია, რომლის სახლშიც FBI-მ ერთ-ერთი „რუტინული“ რეიდისას 13 000 000$-იანი Mercedes CLK-GTR აღმოაჩინა. ამან ეს შემთხვევა ფედერალური ბიუროს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ რეიდად აქცია. ახლა კი, სამართალდამცველებმა მას $40 მილიონის ღირებულების უიშვიათესი მოტოციკლებისგან შემდგარი კოლექცია ჩამოართვეს. სავარაუდოდ, ეს მოტოციკლებიც, ვედინგის ქსელთანაა დაკავშირებული.
კოორდინირებულ ოპერაციაში მექსიკის სამართალდამცავი ორგანოები, FBI-სთან თანამშრომლობით მონაწილეობდნენ. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა გავრცელებული ფოტოები უკვე საკმარისზე მეტ ინფორმაციასაც კი გვაწვდის.
ასევე იხილეთ: FBI-მ რეიდისას ნარკობარონის სახლში 13 000 000 დოლარიანი მერსედესი იპოვა
Motorsport-ის ცნობით, ფოტოებზე გამოსახული Ducati-ებს შორისაა ვალენტინო როსის, ხორხე ლორენცოს, ანდრეა დოვისიოს, ლორის კაპიროსისა და ანდრეა იანონეს მოტოციკლები, ასევე მარკ მარკესის 2012 წლის Moto2-ის ტიტულის მფლობელი მოტოციკლი და ჩემპიონი 125cc Aprilia. უცნობია რა ბედი ეწევათ მოტოციკლებს, თუმცა სავარაუდოდ, გამოძიების დასრულების ბოლომდე, ისინი ხელუხლებლად დარჩება.

თუმცა Mercedes-AMG CLK-GTR-ისა და მსგავსი მოტოციკლების აღმოჩენის შემდეგ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ვენდინგს სწრაფი სატრანსპორტო საშუალებები იტაცებს. ამჟამად, მას არაერთი მძიმე ბრალდება აქვს წარდგენილი და ალბათ, წარმატებული ოლიმპიელი წარსულში ვერც წარმოდგენდა, რომ ერთ დღეს, FBI-ის ათ მთავარ ძებნილ პირს შორის აღმოჩნდებოდა.