Audi თავის ორ ყველაზე იაფ მოდელს ემშვიდობება და მათ სპორტქარებითა და EV-ებით ანაცვლებს
ბაზარზე მომხმარებლების მხრიდან არსებულ მოთხოვნას თუ დავაკვირდებით, მარტივი მისახვედრია, რომ დღეს ხელმისაწვდომი ავტომობილები საკმაოდ ტრენდულია. თუმცა, როგორც ჩანს, Audi ამ ფაქტს არ ითვალისწინებს და საწარმოო ხაზიდან თავისი ორი ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე მოდელის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარი გვაქვს A1-სა და Q2-ზე, რომელთა წარმოებაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დასრულდება.
Audi-ს განცხადებით, Q2-ის წარმოება 2026 წლის აპრილში შეწყდება, ამ პატარა ქროსოვერის ადგილს კი მომავალი A2 e-tron-ი დაიკავებს. ეს გარკვეულწილად ავტომწარმოებლის მხრიდან იმ სტრატეგიის ხაზგასმაა, რომელიც სრულად ელექტრომობილებზე გადასვლას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ Q2 ამერიკულ ბაზარზე არასდროს გაშვებულა, 2016 წლიდან ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპელ მომხმარებელში. გერმანიაში ამ მოდელის საწყისი ფასი 29 000 ევროს შეადგენდა, რაც მას Q3-თან შედარებით — რომელიც თითქმის 15 ათასი ევროთი ძვირია — ბევრად ხელმისაწვდომ ვარიანტად აქცევდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ ამ მოდელის 890 000-მდე ეგზემპლარი გაყიდა, რაც ამ პატარა ზომის ქროსოვერის წარმატებაზე მიუთითებს. თუმცა ბოლო წლებში Q2-ზე მოთხოვნამ იკლო და გაყიდვების მაჩვენებელიც შემცირდა. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Audi-მ წარმოების შეწყვეტა გადაწყვიტა.

Q2-თან ერთად წარსულს Audi-ს კიდევ ერთი ხელმისაწვდომი მოდელი, A1 ჩაბარდება. ამ უკანასკნელის წარმოება ესპანეთში მდებარე მარტორელის ქარხანაში უკვე დასასრულს უახლოვდება. ჰეჩბეკი ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ კომპანიამ ამ მოდელის 1.4 მილიონამდე ეგზემპლარი გაყიდა. მარკის ყველაზე პატარა ზომის წარმომადგენელი ხელმისაწვდომი იყო როგორც Sportback, ისე Allstreet ვერსიებში, ფასი კი 22 950 ევროდან იწყებოდა. Q2-ის მსგავსად, A1-იც საკმაოდ წარმატებული მოდელი გამოდგა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი გაყიდვებიც შემცირდა.
Audi-ს ხაზიდან ამოღებულ მოდელებს ახალი A2 e-tron-ი ჩაანაცვლებს. კომპაქტური ელექტრომობილის დებიუტი ამ შემოდგომაზე იგეგმება. აღნიშნული მოდელი, ID.3 Neo-ს მსგავსად, MEB+ პლატფორმაზე დაფუძნდება. ეს ნიშნავს, რომ Audi პატარა ზომის ავტომობილების სეგმენტს არ ტოვებს — ის ისინი, უბრალოდ, სრულიად ახალ, ელექტრო ეტაპზე გადაჰყავს. სავარაუდოდ, ახალი ჰეჩბეკი 58 და 79 კვტ/სთ სიმძლავრის ელემენტებით აღიჭურვება, რაც მას ერთი დამუხტვით 630 კილომეტრამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობას მისცემს.

A1-ისა და Q2-ის წარმოების შეწყვეტის გარდა, Audi-მ ასევე დაადასტურა, რომ 2027 წელს ახალ ელექტრო სპორტქარს უნდა ველოდოთ. მოდელი Böllinger Höfe-ს ქარხანაში აეწყობა, რომელიც შეზღუდული გამოშვების, ექსკლუზიურ მოდელებზეა გათვლილი. ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ Concept C-ს პლატფორმაზე დაფუძნდება, ფაქტობრივად, Porsche 718 Boxster-ისა და Cayman-ის Audi-სეული ვერსია იქნება. საუბარი გვაქვს ორადგილიან სპორტქარზე, მოძრავი მყარი სახურავით, მინიმალისტური ინტერიერითა და სრულიად ახალი დიზაინით, რომელიც ავტომწარმოებლის მომავალ დიზაინის ენას განსაზღვრავს.