7 000 შეკვეთა უკვე მიღებულია | „მომავალ წელს მფრინავი მანქანების მასობრივი წარმოება დაიწყება“
ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი Xpeng-ი მომავალი წლიდან "მფრინავი მანქანების" მასშტაბური წარმოების დაწყებას აანონსებს, ამავდროულად კი, 2026 წლის ბოლოდან ჰუმანოიდი რობოტების გამოშვებასაც გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა, ბრაიან გუმ, გამოცემა Reuters-ს განუცხადა.

გუს ინფორმაციითვე, Xpeng-ი აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ ავტომწარმოებელ Volkswagen-თან. ამ უკანასკნელმა ჩინურ კომპანიასთან პარტნიორობით თავისი პირველი ელექტრომობილის განვითარება უკვე დაიწყო. როგორც Xpeng-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, Volkswagen-თან პარტნიორობას "დიდი პოტენციალი" აქვს, რაც, წესით, გლობალურ ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ორივე მხარისთვის მოგებიანი უნდა იყოს.
"არაერთი სფერო არსებობს, რომელშიც ჩვენ [Xpeng-ი და VW] თანამშრომლობა და ერთმანეთისთვის სარგებლის მოტანა შეგვიძლია. გვმართებს, რომ ამ მხრივ მოქნილები ვიყოთ და სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულ მოთამაშეებთან პარტნიორობისთვისაც მზად ვიყოთ", — განაცხადა გუმ.

Xpeng-მა მფრინავ მანქანებზე უკვე 7 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო. შეკვეთების უმეტესობა ჩინეთის ბაზარზე მოდის. ამჟამად კი კომპანია ქვეყნის საავიაციო ორგანოებისგან მფრინავი მანქანების გასაშვებად საჭირო ნებართვების მოპოვებაზე მუშაობს. რაც შეეხება რობოტაქსებს, პეკინის შოუს დაწყებამდე Reuters-თან საუბრისას გუმ აღნიშნა, რომ მათ ტესტირებას ისინი წელს, ქალაქ კუანჭოუში დაიწყებენ, 2027 წელი კი გადამწყვეტი იქნება მსოფლიო მასშტაბით, პარტნიორებთან ერთად, ტესტირებების ჩასატარებლად.
გუს განცხადებითვე, კომპანია, სავარაუდოდ, მომავალი 12-18 თვის განმავლობაში ასობით ან ათასობით რობოტაქსის გამოუშვებს. ჰუმანოიდი რობოტები კი თავდაპირველად რეცეფციონისტებად ან გაყიდვების სფეროში მომხმარებელთა ურთიერთობისთვის იქნება განკუთვნილი. მისივე შეფასებით, მომდევნო 10-20 წელიწადში Xpeng-ის რობოტების ბიზნესი ბევრად უფრო ფართო იქნება, ვიდრე საავტომობილო მიმართულება.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ცნობისთვის, Xpeng-ი ამჟამად ჩინეთის საზღვრებს გარეთ 60-მდე ქვეყანაში ოპერირებს. გასულ წელს Xpeng-ის გაყიდვების დაახლოებით 10%, შემოსავლებიდან კი 15% საზღვარგარეთის ბაზრებზე მოდიოდა. თუმცა გუს პროგნოზით, 5-10 წლის პერიოდში ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, შემოსავლების 50%-მდე გაიზრდება.