EV, Toyota, ელექტრომობილები, ტოიოტა, ტოიოტა ჰაილუქსი, Toyota Hilux
Aa
Aa

Toyota-მ ევროპული ბაზრისთვის სრულად ელექტრო Hilux წარადგინა | გაყიდვები ივნისში დაიწყება

Hilux რამდენიმე ათწლეულია ყველაფერს უძლებს — ოფროუდს, ომს, წყალდიდობას (და იმ ყველაფერსაც, რაც ლეგენდარულ სერიაში Top Gear-ის ქასთმა დამართა) — ამჯერად კი მოუწევს, გაუძლოს კიდევ უფრო რთულ გამოწვევას: ელექტრიფიკაციას... 

სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის, Toyota მე-9 თაობის Hilux-ს გამოუშვებს მაილდ-ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ვერსიების სახით. აღნიშნული მოდელის პრეზენტაცია ბრიუსელის ავტოშოუზე გაიმართა — ისტორიაში პირველი EV Hilux ნამდვილად დიდი სიახლეა, თუმცა ეკოლოგიური მიზნებით იაპონური ავტომწარმოებელი წყალბადზე მომუშავე პიკაპის გამოშვებასაც გეგმავს. 


ასევე იხილეთ: როგორი იქნება წყალბადზე მომუშავე პირველი Toyota Hilux

ყველა ეს სიახლე Toyota-ს „მრავალგზიანი“ სტრატეგიის ნაწილია, თუმცა მძღოლებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან მათ მაინც შეეძლებათ, შეიძინონ ლეგენდარული პიკაპი 201-ცხენისძალიანი, 2.8-ლიტრიანი დიზელის ჰიბრიდული სისტემით. მეტიც, ზოგ ევროპულ ქვეყანაში ჩვეულებრივი შიგაწვისძრავიანი ჰაილუქსის ყიდვაც იქნება შესაძლებელი. 

სრულად ელექტრო Hilux მიმზიდველი ვარიანტი იქნება ბიზნესებისთვისაც. სრულად ამძრავი ავტომობილი აღჭურვილია 59.2 კილოვატ-საათიანი ბატარეითა და ელექტროძრავებით თითოეულ ხიდზე.

Toyota-ს ოფიციალური მონაცემებით, ერთი დამუხტვით პიკაპი 258 კმ-ს გაივლის რაც საქალაქო მოხმარებაში, საშუალოდ, 380კმ-ს მიაღწევს. ტვირთამწეობა შემცირებულია და 715კგ-ს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური ბუქსირებადი წონა 1600 კგ-ია. 

როგორც ჰიბრიდული, ისე სრულად ელექტრო ვერსიების დიზაინი Cyber Sumo იქნება, რომელიც Toyota-ს ავსტრალიურმა გუნდმა შეიმუშავა. უფრო ხისტი კუთხეები და ბრტყელი ზედაპირები მოდელს მეტად თანამედროვე, დიდგაბარიტიანი სატვირთოს შესახედაობას სძენს. ელექტრომობილი მარტივად იდენტიფიცირებადია თავისი ცხაურათი ნახვრეტების გარეშე და ბამპერზე ვერცხლისფერი ჩანართით. 

ცვლილებები შეინიშნება ინტერიერშიც — მძღოლი აქ 12.3-დუიმიან ინსტრუმენტების პანელსა და ამავე ზომის სრულად სენსორულ მულტიმედიის მონიტორს მიიღებს. შეცვლილია საჭეც — ის ახალი Land Cruiser-იდან არის „ნასესხები“. 

გაერთიანებულ სამეფოში ახალი ჰაილუქსის გაყიდვა ივნისში დაიწყება — ფასს მომავალ თვეებში გავიგებთ, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წინა თაობის მოდელებზე მაღალი იქნება. 

მსგავსი სიახლეები