52 წლის შემდეგ პირველად, ევროპის წლის ავტომობილის ჯილდო Mercedes-ის მოდელმა მოიგო
ახალი თაობის Mercedes-Benz CLA ბრიუსელის ავტოშოუზე ევროპის 2026 წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა.
მე-3 თაობის CLA-მ, რომელიც გასულ წელს სრულად ელექტრო მოდელად გავიცანით და ახლა ჰიბრიდული ფორმითაცაა ხელმისაწვდომი, 320 ქულა მიიღო ჟიურისგან, რომელიც 23 ქვეყნის წარმომადგენელი 59 საავტომობილო ჟურნალისტისგან შედგებოდა. 
CLA-მ მე-2 ადგილზე გასულ Skoda Elroq-ს მთელი 100 ქულით აჯობა, თუმცა დანარჩენი ადგილებისთვის ბრძოლა საკმაოდ ახლო გამოვიდა — მე-3 ადგილზე Kia EV4 გავიდა 208 ქულით, მე-4 ადგილზე — Citroen C5 Aircross, რომელმაც 207 ქულა მიიღო. მე-5 ადგილი 200 ქულით Fiat Grande Panda-მ დაიმსახურა, მე-6 და მე-7 ადგილები კი Dacia Bigster-მა და Renault 4-მა დაისაკუთრეს.
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, გასულ წლებში ელექტომობილების გააქტიურების მიუხედავად, ეს ჯილდოს არსებობის 62-წლიან ისტორიაში მხოლოდ მე-2 შემთხვევაა, როცა უმაღლესი პრიზი Mercedes-Benz-ის მოდელმა მიიღო. პირველი ასეთი 1974 წლის Mercedes-Benz 450 SE/SEL-იყო. 
CLA 250+ და CLA 450 4Matic აღჭურვილები არიან 85 კვტ.სთ-იანი ლითიუმ-იონური ბატარეითა და 800-ვოლტიანი ელექტრო არქიტექტურით. საბაზისო კომპლექტაციის CLA 250+ ერთი დამუხტვით 792 კილომეტრს გადის, ხოლო 350-ს 771 კმ-ის გავლა შეუძლია. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, რაც ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით გერმანული ავტომწარმოებლის პროგრესს ცხადყოფს.
შესაძლოა, ეს ერთადერთი ჯილდო არ იყოს, რომელსაც CLA მოიგებს — გასულ კვირას მოდელი 2026 World Car of the Year-ის (მსოფლიოს წლის ავტომობილი) ფინალისტადაც დასახელდა, სადაც შეერკინება BMW iX3-ს, Hyundai Ioniq 9-ს, Kia EV4-ს, Nissan Leaf-ს, Toyota RAV4-სა და Audi Q5/SQ5-ს. 
