ელექტრომობილი, გაყიდვები, მერსედეს-ბენცი, მერსედეს ჯი-კლასი ჯი580, მერსედეს-ბენცი ჯი-კლასი
Aa
Aa

Mercedes-ი ელექტრო G-Class-ის გადარჩენას გაორმაგებული ფასდაკლებებით ცდილობს

Mercedes-Benz-ის გადაწყვეტილებას, ბაზრისთვის სრულიად ელექტრო G-Class-ი შეეთავაზებინა, მომხმარებლების მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება მოჰყვა. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ეს ნაბიჯი გერმანული ავტომწარმოებლისთვის ფინანსურად მოგებიანი აღმოჩნდა — კომპანიას ამ გამოწვევასთან გამკლავება ახლა უწევს.

მიუხედავად ამისა, Mercedes-ი აშშ-ში ელექტრიფიკაციის სტრატეგიას აგრძელებს და EQ-ტექნოლოგიის გამოყენებით G580-ის მიმართ ინტერესის გაზრდას ცდილობს. პარალელურად, კომპანია სრულად ელექტრო G-Class-ის შეძენის მსურველებისთვის შეღავათებსაც ზრდის.

ელექტრო G-Class-ი ამჟამად ბაზარზე 10 000 აშშ დოლარის ოდენობის წამახალისებელი ფასდაკლებითაა შეთავაზებული. ეს შეღავათი მოქმედებს როგორც ავტომობილის პირდაპირ შესყიდვის, ისე იჯარით (ლიზინგით) აღების შემთხვევაში. Cars Direct-ის ცნობით, ადრე ეს ფასდაკლება 5 000 აშშ დოლარით იყო შეზღუდული და მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებებზე ვრცელდებოდა.

თუმცა კვლავ ეჭვქვეშაა, იქნება თუ არა ეს ფასდაკლება საკმარისი მომხმარებელთა დასაინტერესებლად, განსაკუთრებით ელექტრო „G-ვაგენის“ ფასის გათვალისწინებით: G580-ის საწყისი ღირებულება, დანიშნულების ადგილამდე მიყვანის საფასურის ჩათვლით, $164 550-ია.

როგორც ხშირად ხდება, ავტომობილის პოვნა რეკომენდებული საცალო ფასით (MSRP) თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, Cars.com-ზე ძიებისას 224 განცხადება აღმოჩნდა, საიდანაც მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იყიდება რეკომენდებული ფასით. უმეტესობის ღირებულება 180 000-დან 190 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, მსგავსი კლასის ავტომობილისთვის ფასდაკლება მაინც მნიშვნელოვანია.

Mercedes-ის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ გლობალურად 49 700 ერთეული G-Class გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია. თუმცა ავტომწარმოებელს არ დაუკონკრეტებია, აქედან რამდენი იყო ელექტრო G580 და რამდენი — შიდა წვის ძრავით აღჭურვილი მოდელი.

ასევე დაგაინტერესებთ: ელექტრო Mercedes G-Class-ის წონა 3 ტონაზე მეტია

აქვე უნდა გავიხსენოთ გასული წლის დასაწყისში გავრცელებული ანგარიშები G580-ის გაყიდვების „ჩავარდნის“ შესახებ. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2025 წლის აპრილის მონაცემებით ევროპაში მხოლოდ 1 485 ერთეული ელექტრომოდელი გაიყიდა, ჩინეთში კი — 58. ასევე აქტიურად იწერებოდა, რომ Mercedes-მა აშშ-ში ერთი ეგზემპლარიც კი ვერ გაყიდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მსგავსი სიახლეები