როგორი იქნება Audi-ს პირველი ბოლიდი Formula 1-ში?
გერმანიაში, ბერლინში გამართული ღონისძიების ფარგლებში, Audi-მ Formula 1-ის 2026 წლის სეზონისთვის ბოლიდი წარადგინა, რომელიც F1-ის ახალი გუნდისთვის ჩემპიონატში პირველი იქნება. გერმანული ავტომწარმოებლის დებიუტი ავსტრალიის გრანპრიზე, F1-ის ძრავით აღჭურვილი ბოლიდით შედგება.

Audi-მ გადაწყვიტა, რომ მათი, როგორც სრულად ქარხნული F1-ის გუნდის, ჩემპიონატში გამოჩენა გერმანიის დედაქალაქის გულში მდებარე ისტორიულ ელექტროსადგურზე — Kraftwerk-ზე — სანახაობრივი ღონისძიებით აღენიშნა. F1-ის ბოლიდის პრეზენტაციას Audi-ს აღმასრულებელი დირექტორი გერნოტ დოლნერი, Audi F1-ის პროექტის ხელმძღვანელი მატია ბინოტო, გუნდის ხელმძღვანელი ჯონათან უიტლი და მრბოლელები — ნიკო ჰიულკენბერგი და გაბრიელ ბორტოლეტო — ესწრებოდნენ.
Audi-მ, რომლის ანგარიშზეც ავტოსპორტის სხვა სახეობებში არაერთი წარმატებაა, წარმოადგინა R26, რომელიც გამორჩეული ტიტანის, კარბონითა და ლავისფერი წითელი ლივრეით იყო შეღებილი. აღნიშნული დიზაინი პირველად გასული წლის ნოემბერში, მიუნხენის პრეზენტაციაზე გამოჩნდა.
მიუხედავად დიდი ამბიციებისა, Audi-ში კარგად აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომლებიც Formula 1-ის ახალ გუნდს ჩემპიონატში ელის. „F1 ავტოსპორტის სამყაროში ყველაზე მომთხოვნი ეტაპია და ჩვენ აქ არა მხოლოდ შეჯიბრებისთვის, არამედ „ტექნოლოგიის მეშვეობით“ მომავლის განსაზღვრისთვის ვართ. Audi-ისთვის ეს ახალი ეპოქის დასაწყისია“, — განაცხადა დოლნერმა.
ცნობისთვის, Audi-მ Formula 1-ის ჩემპიონატში ჩართვის შესახებ პირველად 2022 წელს განაცხადა. მასთან ერთად კი, 2026 წელს, შეჯიბრს მე-11 გუნდად Cadillac-იც შეურთდება. როგორც ცნობილია, Cadillac-ის ბოლიდების საჭესთან გამოცდილ მრბოლელებს — სერხიო პერესსა და ვალტერი ბოტასს — ვიხილავთ.