ავტოსპორტი, ქართული ავტოსპორტი, NASCAR, Euronascar, Kolkhi GRT
Aa
Aa

Kolkhi Georgian Racing Team — პირველი ქართული გუნდი Euronascar-ში!

ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად, Euronascar-ში კერძო ქართულ გუნდს — Kolkhi GRT-ს (Georgian Racing Team) ვიხილავთ! გუნდში ინვესტიცია სახელმწიფოსა და სხვა კერძო ინვესტორების მონაწილეობის გარეშე ირაკლი ჩიქოვანმა განახორციელა. 

Euronascar-ის 2026 წლის სეზონზე, რომელიც ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთსა და ბელგიაში 12 ეტაპად ჩატარდება, ქართული გუნდის 1225-კილოგრამიანი, 400-ცხენისძალიანი ავტომობილის საჭესთან ადგილს დათა ქაჯაია და მარიამ დავითიძე დაიკავებენ. ქაჯაია უმაღლეს, Pro კლასში იასპარეზებს, ხოლო მარიამ დავითიძე ძალებს Open კლასში მოსინჯავს. ის ამ მიღწევით პირველი ქართველი ქალი პილოტი გახდება, რომელიც ევროპულ შეჯიბრზე იასპარეზებს. დათა ქაჯაიას კი ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრები კარგად იცნობენ — ის პილოტია, რომელსაც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შეჯიბრებში წარმატებით ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. 


„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპულ ჩემპიონატზე ქართველი ქალი ასპარეზობს. მარიამი ყოფილი კარტინგისტია, შარშან კი წრიულ რბოლაზეც გამოდიოდა, სადაც გარკვეული გამოცდილება მიიღო და რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ის უაღრესად მოტივირებული ადამიანი და ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, ავტოსპორტის ფანატიკოსია", — განაცხადა Kolkhi GRT-ის დამფუძნებელმა, ირაკლი ჩიქოვანმა.  

ქართველი პილოტები სხვადასხვა ევროპული გუნდების შემადგენლობაში Euronascar-ზე აქამდეც არაერთხელ გამოსულან, თუმცა Kolkhi GRT-ის უნიკალურობაც სწორედ ეს არის — დროთა განმავლობაში გუნდის არამხოლოდ სარბოლო შემადგენლობა, არამედ ტექნიკური პერსონალიც სრულად ქართული იქნება.


გუნდის მფლობელის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გეგმა ქართველი მექანიკოსებისა და ინჟინრების მომზადებაა, რისთვისაც გოგა არჯევანიძე და იური მანგასაროვი, პირველი სეზონის განმავლობაში, უცხოელი სპეციალისტების გვერდით იმუშავებენ, დროთა განმავლობაში კი, როგორც აღინიშნა, გუნდი სრულად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება.    

მსგავსი სიახლეები