Lamborghini-მ 2025 წელს გაყიდვების რეკორდი დაამყარა | 3-ჯერ მეტი გაყიდული მოდელი, ვიდრე 2015-ში
გეოპოლიტიკური დაძაბულობებით, ინფლაციით, ტარიფებითა და გაცვლითი კურსის ცვალებადობებით სავსე 2025 წელს საავტომობილო ბაზრის ერთი სეგმენტი მაინც უცვლელი დარჩა — როგორც ჩანს, ულტრა-მდიდრული ავტომობილების ბაზარი სისტემას არ ემორჩილება. მაგალითად, Lamborghini-მ ბრენდის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი — 10 747 ავტომობილი გაყიდა. ამ მაჩვენებლით 2024 წელს დამყარებული რეკორდი, სულ რაღაც, 60 ერთეულით გაუმჯობესდა, თუმცა, რაც მთავარია, გაგრძელდა 4-წლიანი ზრდა, რომელიც პანდემიის შემდგომ დაიწყო.
ზრდა უფრო დრამატულად ჩანს 10-წლიან პერსპექტივაში — 2015 წელს იტალიურმა ბრენდმა, სულ რაღაც, 3 245 ავტომობილის გაყიდვა შეძლო — ერთ დეკადაში გაყიდვები, დაახლოებით, გასამმაგდა. 
ყველაზე წარმატებული Lamborghini EMEA-ს რეგიონში იყო, რომელის ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას ფარავს — აქ გაყიდვები 8%-ით გაიზარდა და 4560 ერთეული შეადგინა. მეორე ადგილზე ამერიკები გავიდნენ — ჩრდილოეთსა და სამხრეთში ერთად, 3 347 ლამბო გაიყიდა, თუმცა ეს 11%-იანი შემცირება იყო.
ბრენდს დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია ამა თუ იმ მოდელის გაყიდვებზე, თუმცა განაცხადა, რომ ფლაგმანი Revuelto და Urus SE SUV აღნიშნული სტატისტიკის საკვანძო ელემენტები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ წარმოებიდან ამოღებული Huracan-ის მიწოდება კომპანიამ 2025 წლის დასაწყისში დაასრულა, შესაბამისად, ამ მოდელმა სტატისტიკაში წვლილი დიდად ვერ შეიტანა. 
სტატისტიკაში, ცხადია, არ შედის ახალი Temerario-ც, რადგან მის მიწოდებას Lamborghini მიმდინარე თვეში იწყებს (შესაბამისად, მოდელის სტატისტიკას 2026 წლის მიწურულს უნდა ველოდოთ), თუმცა იტალიური ბრენდის თქმით, წინასწარი გაყიდვები შესანიშნავად წარიმართა. გასული წლის მთავარი სიახლეები მაინც სწორედ ივლისში Temerario GT3-ისა და აგვისტოში მონტერეიში ლიმიტირებული Fenomeno-ს წარდგენა იყო. 
„მიუხედავად ბაზარზე არსებული გამოწვევებისა, ჩვენ ვამაყობთ 2025 წელს მიღწეული შედეგებით, რაც ადასტურებს Lamborghini-ს უნარს, იდგეს მყარად ყველაზე რთულ გლობალურ გარემოშიც. დაფიქსირებული პერფორმანსი ასახავს ჩვენს შესაძლებლობას, რომ ავყვეთ ბაზრის დინამიკას და გავაკეთოთ სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნას შეესაბამება“, — განაცხადა Lamborghini-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ვინკელმანმა.