ყველაზე ჩქარი სედანი ბრაბუსისგან
Brabus-ი გერმანული ავტომობილების გაუმჯობესებითაა დაკავებული. ამ კომპანიის სამოდელო სიაში უამრავი „თავზეხელაღებული“ პროექტი და რეკორდია დაფიქსირებული. გერმანული კომპანია ყოველთვის დაუჯერებელი მოდელების წარმოებით იწონებდა თავს, ის დაბრკოლებებს არასდროს ცნობდა და ყოველთვის საპირისპიროს ამტკიცებდა.
„ბრაბუსის“ ხელებში არაერთი სედანი ყოფილა, თუმცა ყველაზე მეტად EV12 One of Ten-ი გამოირჩევა. ამ „გიჟური“ პროექტისთის კომპანიამ W212 ძარა შეარჩია და მასში 6.3-ლიტრიანი V12 Biturbo ძრავა მოათავსა. „ბრაბუსის“ იდეა პირველი ნაბიჯებიდანვე გასაგები იყო — მათ რაღაც არანორმალური უნდა შეექმნათ. შედეგად, 800 ცხენის ძალა და არაამქვეყნიური 1 420 ნიუტონი მიიღეს.
ინჟინრებს ავტომობილის მაბრუნი მომენტი იმდენად ბევრი გამოუვიდათ, რომ მოგვიანებით 1 100-მდე ელექტრონულად შეზღუდეს, რადგან გადაცემათა კოლოფი ასეთ კოლოსალურ დატვირთვებს უბრალოდ ვეღარ უძლებდა. ამ ყველაფერს კიდევ ერთი მაჩვენებელი ამძაფრებდა — მაბრუნი მომენტის პიკი სულ რაღაც 2 100 ბრუნიდან იყო შესაძლებელი.

წარმოიდგინეთ, რომ 20-30 კმ/სთ-ით მიმავალ მანქანაზე, აქსელერატორის საფეხურზე ბოლომდე დაჭერით, აი ეს მონაცემები ერთ წამში პიკს აღწევდა. შესაბამისად ავტომობილის აჩქარება სასწაული გამოვიდა — 2-ტონიანი სედანი 0-100 აჩქარებას 3.7 წამში ახერხებდა, ხოლო 0-200 კმ/სთ-მდე კი 9.9 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ს აღწევდა და ის ელექტრონული შემზღუდველით იყო განპირობებული. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ ავტომობილს გააჩნდა, გზის საფართან მოჭიდება იყო.
„ერთი ათიდან“ მოდელს წინ უზარმაზარი 12-დგუშიანი და უკან 6-დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა დაუყენეს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს დაკიდების სისტემაშიც. ამ უკანასკნელს სვლის რამოდენიმე ფუნქცია ჰქონდა, აგრეთვე სიმაღლის რეგულირებაც ხელმისაწვდომი იყო. ავტომობილის ძარაში კარბონის დეტალებსაც ბევრგან შეხვდებოდით, ხოლო გარე ვიზუალში უამრავ დამატებით სპოილერსა და განმასხვავებელ დეტალებს შეამჩნევდით. მაგრამ ყველაზე მეტად, რაც თვალში მოგხვდებოდათ, დაფარული უკანა ფრთა იყო.

აღნიშნული დეტალი ავტომოყვარულებისთვის საკამათო აღმოჩნდა, თუმცა Brabus-მა მოგვიანებით განაცხადა, რომ მოცემული დეტალი ასეთი სწრაფი სედანის აეროდინამიკისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა.
კომპანიამ პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ EV12 0ne of Ten-ის წარმოება შეზღუდული იქნებოდა და სულ რაღაც 10 ეგზემპლარით შემოიფარგლებოდა. მოცემული მოდელები ხელით აეწყობოდა და მათი ფასი 875 000$-ით განისაზღვრებოდა. მას „შავი ბარონი“ შეარქვეს და 2009 წელს ყველაზე სწრაფი სედანის სტატუსიც კი მოიპოვა.