Seat Leon Cupra R - ცხელთავიანი ესპანელი
Seat-ი ესპანური წარმოების კომპანიაა, რომელიც VW-ის სათავო ოფისიდან იმართება. ამ ქვეყნის განვითარების დონეს თუ შევხედავთ, უცნაურია, რომ სერიულ ავტომობილებში Seat-ის გარდა სხვა მწარმოებელს ვერ შევხვდებით. ყველამ იცის, რომ ამ ლოგოს ქვეშ მოქცეული ავტომობილები ძირითად და სხვა ბევრ აგრეგატებსაც VW-Audi Group-ის კონცერნიდან იზიარებენ. Seat-ის სამოდელი სიაში ბევრ სპორტულ და საინტერესო მოდელს ვერ ვნახავთ, თუმცა ერთერთი მათგანი შექების და გახსენების ღირსი ნამდვილად არის.

2000-იანების Seat Cupra ერთი შეხედვით უბრალო ჰეჩბექი იყო, რომელიც VW Golf-ის ბაზაზე იყო აწყობილი. მისი გაყიდვების ყველაზე დიდ რაოდენობას ესპანური ადგილობრივი ავტოპარკი შეადგენდა. Volkswagen-ის მსგავსად Seat-საც ჰყავდა ძლიერი და სპორტული ხასიათის მოდელი, რომელიც ერთ დროს ცხელ ჰეჩბექებში სტილისა და სიძლიერის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.
სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით სახელწოდებაც აგრესიული შეურჩიეს და მას Seat Leon Cupra R დაარქვეს. R ლოგოს ქვეშ ორი ვარიანტი არსებობდა. პირველი 2002 წელს გამოვიდა და მასში VW Group-ის ლეგენდარული VR6-ის ძრავა იყო განლაგებული, რომლის მოცულობაც 2.8 ლიტრი იყო და 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ერთი წლის შემდეგ ამ კონკრეტულმა მოდელმა ძრავაში ცვლილებები განიცადა და 225 ცხენის ძალა მიიღო. ავტომობილი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი და წამყვანი თვლების კონფიგურაცია 4x4-ზე ჰქონდა. 225-ცხენისძალიანი ვერსია საკმაოდ ძლიერი გამოვიდა. თანამედროვე ავტომოყვარულებისთვისაც კი მისი მონაცემები და შესაძლებლობები დღესაც მიმზიდველია. 0-100 აჩქარებას 7 წამზე ნაკლებს ანდომებდა, ხოლო ძრავის მიერ გამომუშავებული 290 მაბრუნი მომენტი ნებისმიერ სიჩქარეში მყისიერ აჩქარებას განაპირობებდა. ავტომობილისთვის დამახასიათებელი იყო ერთი რამ - იგი გაცილებით ჩქარი იყო ვიდრე ეს ინტერიერში იგძნობოდა.

ავტომობილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა ავტოკრიტიკოსების აზრით ერთადერთი, რაც მისთვის ხელისშემშლელი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, Seat-ის მიმართ მომხმარებლებში დაბალი ნდობისა და ცნობადობის პრობლემა იყო, რაც წლების შემდეგ მართალი მოსაზრება აღმოჩნდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს