De Tomaso Mangusta | მანქანა, რომელსაც კობრა უნდა შეეჭამა
საავტომობილო ისტორია არაერთ შედევრს იცნობს, რომელთა შექმნაც შურისძიებასა და შელახულ ამბიციებს უკავშირდება. მაგალითად, ყველამ იცის, როგორ დაიწყო ფერუჩიო ლამბორგინიმ სუპერქარების წარმოება ენცო ფერარისთან კამათის შემდეგ, ან როგორ შექმნეს ძმებმა დოჯებმა საკუთარი ბრენდი ჰენრი ფორდზე გაბრაზებულებმა... თუმცა, ნაკლებად ცნობილია ალეხანდრო დე ტომასოსა და ქეროლ შელბის დაპირისპირების ისტორია, რომელმაც საავტომობილო სამყაროს ნამდვილი იტალიური ეგზოტიკა — De Tomaso Mangusta აჩუქა.
ასევე იხილეთ: რატომ ეშინოდა ჰენრი ფორდს ძმები დოჯების? - დოჯის ისტორია
1964 წელს ალეხანდრო დე ტომასო და ქეროლ შელბი Can-Am-ის სარბოლო ავტომობილის, P70-ის პროექტზე ერთად მუშაობდნენ, რათა ბრიუს მაკლარენის გუნდი დაემარცხებინათ. თუმცა, უთანხმოების გამო პარტნიორობა ჩაიშალა — შელბიმ ყურადღება Ford GT40-ის პროექტზე გადაიტანა, დე ტომასო კი განაწყენებული და იმედგაცრუებული დატოვა.
განრისხებულმა არგენტინელმა გადაწყვიტა, შელბისთვის ეჩვენებინა, თუ ვინ დაკარგა და შექმნა Mangusta — სუპერქარი იმ ცხოველის სახელით, რომელიც ბუნებაში კობრებზე ნადირობით არის ცნობილი!


Mangusta-ს დიზაინზე გენიალურმა ჯორჯეტო ჯუჯარომ იმუშავა. შესაბამისად, ავტომობილის ყველაზე შთამბეჭდავი ვიზუალური ელემენტი მისი უკანა ნაწილია: თოლიის ფრთების სტილში ზემოთ ასაწევი ძრავის ხუფები, რომელთა ქვეშაც Ford-ის V8 ძრავი იმალებოდა.
4.7 ან 4.9-ლიტრიანი Ford V8 (იგივე ოჯახის ძრავი, რითაც Ford GT40 Mk I აღიჭურვა) 302 ცხენისძალას გამოიმუშავებდა, რაც მანგუსტას საკმაოდ დინამიკურ სპორტქარად აქცევდა, თუმცა ეს კომფორტის ხარჯზე არ მომხდარა. Mangusta-ს შეეძლო იტალიური სუპერქარისთვის იმ დროისთვის იშვიათი ფუფუნებით — კონდიციონერით, ელექტრო შუშებითა და ტყავის სალონით ეტრაბახა.

შეჭამა თუ არა მანგუსტამ კობრა?
წმინდა ტექნიკური მონაცემებითა და სიმძლავრით, Mangusta-მ 7.0-ლიტრიან მონსტრ Shelby Cobra 427-ს ვერ აჯობა, თუმცა დე ტომასომ მთავარს მიაღწია: მან De Tomaso მსოფლიო ავტოსამყაროს ყურადღების ცენტრში მოაქცია.
სწორედ Mangusta-ს წარმატებამ ჩაუყარა საფუძველი Ford-თან თანამშრომლობას და შემდგომში ლეგენდარული De Tomaso Pantera-ს დაბადებას.

1966-დან 1971 წლამდე სულ რაღაც 401 ეგზემპლარი Mangusta გამოვიდა. დღეს მათი ფასი აუქციონებზე 300 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო კინომანებს ეს მოდელი კვენტინ ტარანტინოს Kill Bill 2-დან ემახსოვრებათ.