ლამბორგინი, ბრაბუსი, ლამბორგინი ურუსი ესი, ლამბორჯინი, მდიდრული მანქანები
Aa
Aa

Brabus-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაცია? იხილეთ Urus-ის მდიდრული ვერსიები

Mercedes-ის მოდელებთან მუშაობით დაღლილმა Brabus-მა ყურადღება Lamborghini-ს ძალიან პოპულარულ SUV-ს, Urus-ს მიაპყრო და ორი ახალი მოდიფიკაცია გამოუშვა. ორივე მათგანი მოდელის დამუხტვად ჰიბრიდულ ვერსიაზეა დაფუძნებული და Brabus-ის არსენალში არსებულ ტექნოლოგიებს აერთიანებს: მეტი სიმძლავრე, გიგანტური ბორბლები, დაბლა ჩამოწეული დაკიდება და სრულად შეცვლილი ინტერიერი. 


მოდელებს Brabus 900 Mint და Brabus 900 Superblack ჰქვია. ამ ორს შორის, თუ გულწრფელები ვიქნებით, ღია მწვანე ფერის Mint-ი ბევრად უფრო თვალისმომჭრელია. გარეგნული ცვლილებები, Brabus-ის სტანდარტებით, მაინც შეზღუდული რაოდენობითაა გამოყენებული — ორივე SUV აღჭურვილია ახალი წინა სპლიტერით, გაფართოებული ბორბლის თაღებით, დიდი ზომის სპოილერითა და უკანა დიფუზორით, რომელსაც 4 უკანა გამოსაბოლქვი მილი ამშვენებს. 

Superblack-ზე ეს ნაწილები შესამჩნევი ნახშირბადის ბოჭკოთია შესრულებული, ხოლო Mint ვერსია მონოქრომულ ფერთა გამას ინარჩუნებს. ორივე ავტომობილი 24-დუიმიანი, ნაჭედი Monoblock Z Platinum Edition დისკებითაა აღჭურვილი. დაკიდებაზე Brabus-ის SportXtra მოდულია პასუხისმგებელი, რომელიც სიმაღლეს, დაახლოებით, 20მმ-ით ამცირებს. ინტერიერი კი Brabus Masterpiece-ის საუკეთესო ნიმუშია. 


რაც შეეხება ავტომობილის სიმძლავრეს — სტანდარტულ მოდელთან შედარებით, დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე 789 ცხ.ძ-დან 888-მდე გაიზარდა, ხოლო მაბრუნი მომენტი 950 ნიუტონიდან 1050-მდე. ეს ორტურბინიანი, 4-ლიტრიანი V8 ძრავის Brabus PowerXtra LG40-900 განახლების დამსახურებაა — ელექტროძრავი უცვლელად დარჩა. 

შესაბამისად, აჩქარება ოდნავ გაიზარდა — 100კმ/სთ-მდე აჩქარებას ავტომობილი 3.2 წამს ანდომებს (სტანდარტულზე 0.2 წამით ნაკლებს). მაქსიმალური სიჩქარე კი შენარჩუნებულია და კვლავ 312 კმ/სთ-ს უტოლდება.

რა დაგიჯდებათ ეს სიამოვნება?

თქვენ წარმოიდგინეთ, ექსკლუზიურობასთან ერთად მოდის მაღალი ფასიც... Brabus 900 Superblack-ის ფასი 645 600$ იქნება, ხოლო Mint-ი ოდნავ უფრო ძვირია და 691 900$ ღირს. ეს სტანდარტულ Urus SE-ზე ბევრად მაღალი ფასია, თუმცა Mansory Venatus-ის ფასებს მაინც ბლომად ჩამორჩება. 

თუ საავტომობილო ისტორიები გაინტერესებთ, CrystalAuto-ს იუთუბ არხის ნახვას გირჩევთ — ჩვენ უყურადღებოდ არც Brabus-ი დავტოვეთ და მის ისტორიას ვიდეო მივუძღვენით:


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები