ახალი Lamborghini Temerario დაახლოებით იმდენივეს იწონის, რამდენსაც Hummer H3
Lamborghini-ს უახლესი ჰიბრიდული სუპერქარი მხოლოდ პერფორმანსის ლიმიტებს არ უახლოვდება — Temerario-ს წონაც მეტად უჩვეულოა — იტალიური ავტომწარმოებლის განცხადებით, Huracan-ის მემკვიდრის მშრალი წონა 1690 კილოგრამია. თუ სითხეებს გავითვალისწინებთ, ლამბორგინის ორტურბინიანი, V8 ძრავით აღჭურვილი მონსტრი 2000 კილოგრამს უახლოვდება.
ეს შუაძრავიანი სუპერქარისთვის შემაშფოთებლად დიდი რიცხვია — მცირე ხნის წინ, Hummer H3-ის საბაზისო ვერსია ხომ 2087 კილოგრამს იწონიდა...
მცირე ხნის წინ, Autocar-მა უფრო მსუბუქი, 50700$-ით უფრო ძვირი Allegrita კომპლექტაციით აღჭურვილი ტემერარიო დატესტა და აწონა — სუპერქარის მსუბუქი ვერსია 1905 კილოგრამი აღმოჩნდა. გამოდის, რომ ის Lamborghini Revuelto-ზე სულ რაღაც 55 კილოგრამით მსუბუქია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ბევრად დიდი გაბარიტების მქონე 6.5-ლიტრიანი, ატმოსფერული V12-ით არის აღჭურვილი, ნაცვლად 4-ლიტრიანი V8-სა.
Temerario ძალიან მძიმე ჩანს წინაპართან შედარებითაც — Huracan LP 580-2 „შთამომავალზე“ 300 კილოგრამით ნაკლებს, 1389 კგ-ს იწონიდა. ცხადია, გასაკვირი არ არის, რომ ახალი მოდელი უფრო მძიმეა — ამას მისი ჰიბრიდული სისტემა განაპირობებს: სამი ელექტროძრავა და ბატარეები წონას ძალიან ზრდიან. 
თუ სუპერქარს სეგმენტში უშუალო კონკურენტს, ასევე ჰიბრიდულ Ferrari 296 GTB-ს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ იტალიელი თანამემამულე Temerario-ზე 257 კილოგრამით მსუბუქია. რაც შეეხება McLaren Artura-ს, ის კიდევ უფრო მსუბუქია და 1552 კილოგრამს იწონის, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ჩამოთვლილ სპორტქარებს სიმძლავრითაც ჩამოუვარდება — ფერარი 819 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, ტემერარიო 907-ს, ხოლო Artura მოკრძალებულ 671-ს.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, სუპერქარი „გაილანძღა“, ნუ იფიქრებთ, რომ მას ამ წონის გადაფარვა თავისი წარმოუდგენელი სიმძლავრით არ შეუძლია — ნუ დაგავიწყდებათ, Lamborghini-ზე ვსაუბრობთ... უკვდავ ბრენდზე, რომლის ისტორიასაც CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც მივუძღვენით.
და ჩამოთვლილთაგან რომელ სუპერქარზე გააკეთებდით არჩევანს — Lamborghini Temerario-ზე, Ferrari 296 GTB-ზე თუ McLaren Artura-ზე?