ბენტლი, როლს-როისი, უნიკალური ავტომობილი, ელისაბედ II
Aa
Aa

დედოფალი ელისაბედ II მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებულ მანქანას ფლობდა

საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გარდაცვლილი დედოფალი ელისაბედ მეორე ავტომობილების დიდი მოყვარული იყო — მას მანქანების საკმაოდ დიდი კოლექცია ჰქონდა. მათ შორის, დედოფალ ელისაბედის საკუთრებაში მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილიც ირიცხებოდა.

ბრიტანელი მონარქის საკუთრებაში უიშვიათესი Bentley იყო, რომელიც სპეციალურად მისი ოქროს იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი გარეგნულად დიდად თვალშისაცემი არ იყო, ლიმუზინის ყველა დეტალი შექმნილი იყო სამეფო ოჯახის უსაფრთხოებისა და ზუსტი საზოგადოებრივი როლის გათვალისწინებით.

Bentley State Limousine-ის მდიდრული ავტომობილი დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლიდან 50 წლის იუბილის აღსანიშნავად გადაეცა. Bentley-მ ამ მოდელის მხოლოდ ორი ეგზემპლარი ააწყო, რამაც ის პირველივე დღიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უიშვიათეს ავტომობილად აქცია. როგორც ამბობენ, თითოეული იმ დროს დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ღირდა და ამ ფასით ის მსოფლიოში მხოლოდ ყველაზე ძვირად ღირებულ ახალ ავტომობილს ჩამორჩებოდა.

Bentley-მ მუშაობა ნულიდან დაიწყო და შექმნა საკუთარი პლატფორმა, რომელსაც შეჯავშნული კორპუსისა და უსაფრთხოების სისტემების მაქსიმალური წონის ატანა შეეძლო. მაღალი და შტამბეჭდავი დიზაინის მოდელი ყურადღებას დემონსტრაციების გარეშეც იპყრობდა, თუმცა დაპროექტებული იყო ისე, რომ საზეიმო ღონისძიებების დროს დაბალი სიჩქარით გლუვად ემოძრავა.

ავტომობილის კაპოტქვეშ 6.75-ლიტრიანი BiTurbo V8 ძრავა იყო მოთავსებული, რომელიც იმ ეპოქის Rolls-Royce-ის სხვა მოდელებშიც გვინახავს. რეალურად, ამ ავტომობილისთვის წარმადობა პრიორიტეტი არ ყოფილა, თუმცა მაღალი სიმძლავრე მსგავსი წონის მანქანის გადასადგილებლად აუცილებელი იყო.

კარები ძალიან მძიმე იყო, მაგრამ დაპროექტებული იყო შეუფერხებლად გაღებისა და დახურვისთვის, სალონი კი — სრულად შეჯავშნული. მათ შორის, ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში, ის ჰერმეტულადაც ილუქებოდა. მინა სპეციალურად იყო გამაგრებული, კორპუსის პანელები კი აფეთქებას უძლებდა. აქვე აღსანიშნავია ავტომობილის ფართო ფანჯრებიც, რომლებიც საჯარო გამოსვლებისთვის სპეციალურად იყო დაპროექტებული.

დღეს ორივე Bentley კვლავ ექსპლუატაციაშია. ახლა ისინი მეფე ჩარლზ III-ის საკუთრებაშია და კვლავ სამეფო მოვალეობების შესასრულებლად გამოიყენება.

მსგავსი სიახლეები