საქართველო, ავტოიმპორტი
Aa
Aa

საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება

დღეს გამართული სხდომის მიმდინარეობისას საქართველოს პირველმა პირმა ქვეყანაში ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. ოფიციალური პირის განცხადების თანახმად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აკრძალავს.

სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ: „2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა“.

„რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა, ერთის მხრივ, იწვევს საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და, მეორეს მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისათვის ჩვენ წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვის დაწესებას“, — განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

მისივე თქმით, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები ქვეყანაში შემოყვანილი არ იყოს.

რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 აპრილიდან შედის. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.

„ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოფს ავტოპარკის და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და, შედეგად, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები