ლამბორგინი, ლამბორგინი ურუსი, ეს იუ ვი, დამუხტვადი ჰიბრიდი
Aa
Aa

Lamborghini-მ Urus-ის ყველაზე მძლავრი ვერსია გამოუშვა — SUV-ი 801 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს

რა არის უკანა სპოილერზე უკეთესი? რა თქმა უნდა, ორი უკანა სპოილერი! როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ ლამბორგინიში, როდესაც ახალი Urus SE Performante-ს იდეებზე მუშაობდნენ. კიდევ ერთი გიჟური იდეა კი ამ დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიის 801 ცხენის ძალითა და 1000 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით აღჭურვა იყო, რაც მას ისტორიაში ყველაზე მძლავრ Urus-ად აქცევს. დამატებითი ეფექტისთვის ინჟინრებმა გადაწყვიტეს მასში იმაზე მეტი ნახშირბადის ბოჭკო გამოეყენებინათ, ვიდრე ეს ოდესმე გაუკეთებიათ.

ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა

ამ ნახშირბადის ბოჭკოს უმეტესი ნაწილი შეღებილი არ არის და პირდაპირ ჩანს ახალ კაპოტზე, წინა სპლიტერზე, გადამუშავებულ საჰაეროებზე, თაღებზე, დიფუზორსა და ორივე სპოილერზე. საერთო ჯამში, ამან სტანდარტულ დამუხტვად Urus SE-სთან შედარებით წონის 32 კილოგრამით შემცირება უზრუნველყო. თუმცა, ავტომობილი სასწორზე მაინც 2473 კილოგრამს იწონის, ასე რომ, მას ბუმბულივით მსუბუქს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. წონის კლების საერთო მაჩვენებელში 10 კილოგრამიანი წვლილი მიუძღვის ტიტანის ახალ გამონაბოლქ სისტემასაც, რომელიც Akrapovič-თან თანამშრომლობით შეიქმნა და რომელიც, კომპანიის თქმით, ბევრად უფრო სტრუქტურულ, სუფთა და მძლავრ ხმას გამოსცემს.


ეს ყველაფერი იდეალურად ერწყმის 100 კმ/სთ-მდე აჩქარების 3.3 წამიან მაჩვენებელსა და 312 კმ/სთ-იან მაქსიმალურ სიჩქარეს. აჩქარების ეს ციფრი ზუსტად იმეორებს წინა Urus Performante-ს შედეგს, რომელსაც 4-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავის გარდა არანაირი ელექტრო ასისტენტი არ გააჩნდა, თუმცა მაქსიმალური სიჩქარე ახლა 6 კმ/სთ-ით გაიზარდა.

ლამბორგინის გათვლებით, ახალი მოდელი 16%-ით მეტ მიმჭერ ძალას გამომუშავებს, ვიდრე ძველი Performante, მაშინ როცა აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი უცვლელი დარჩა, მიუხედავად გაზრდილი კლირენსისა. ახალი ვიზუალი ასევე უზრუნველყოფს ძრავის უკეთეს გაგრილებას, ხოლო რვასიჩქარიანმა ავტომატურმა კოლოფმა პროგრამული უზრუნველყოფის მასშტაბური განახლება გაიარა რეაქციის გასაუმჯობესებლად. 

ძველი Performante-ს მსგავსად, აქაც ხელმისაწვდომია მართვის სპეციალური რეჟიმი Rally, რომელიც გრუნტის გზებზე მაქსიმალური აგრესიით გადაადგილების საშუალებას იძლევა. ინტერიერში მანქანა ბრენდის საავიაციო კონცეფციას მიჰყვება, რაც ფიზიკური ღილაკების პანელით, ახალი 12.3-დუიმიანი ეკრანითა და სპეციალურად შექმნილი საჭით გამოიხატება, ხოლო დაუმუშავებელი ნახშირბადის დეტალები სალონშიც უხვად გვხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები