მოდიფიცირება, ბიემვი, ბიემვი ემ2, ტუნინგი, ბიემვი ემ2 დაკარი
Aa
Aa

BMW-ის საპირველაპრილო ხუმრობა დუბაის ტუნერმა რეალობად აქცია

წესით, გემახსოვრებათ 2025 წელს გერმანული ავტომწარმოებლის საპირველაპრილო ხუმრობა, რომელმაც ბევრი გაწბილებულიც კი დატოვა. მაშინ BMW-მ ინსტაგრამზე დალიფტული M2 Dakar-ის სურათები გამოაქვეყნა, რომელიც უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავებითა და მოდიფიცირებული ძარით იყო აღჭურვილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობა აღმოჩნდა და გერმანელებიც ამ პროექტს უკან აღარ მიბრუნებიან.

იხილეთ: დღეს პირველი აპრილია: სამწუხაროდ, BMW-ს M2 Dakar-ის კონცეფცია მხოლოდ ხუმრობაა

თუმცა M2 Dakar-ის იდეით ნამდვილად მოიხიბლა დუბაიში ბაზირებული ტუნერი, რომელმაც გადაწყვიტა BMW-ის ხუმრობა რეალობად ექცია. ეს ტუნინგ-ატელია კი Zeus Offroad-ი გახლავთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებას თავისი ახალი ქმნილების შესახებ განუცხადა.

Zeus Offroad-მა პროექტის საფუძვლად BMW M240i Coupe გამოიყენა და ის ნამდვილ „ოფ-როუდად“ აქცია. როგორც უგზოობისთვის განკუთვნილ ავტომობილს შეეფერება, ინჟინრებს მოდიფიცირებულ მოდელზე მუშაობისას ავტომობილის დაბალი სავალი ნაწილის დათმობა და კლირენსის შესამჩნევად გაზრდა დასჭირდათ. მსგავსი სტილი კი M240i Coupe-ს ბაზაზე შექმნილ Dakar-ის მოდელს ქვიშასა და რთულ რელიეფზე გადაადგილებას მეტად გაუმარტივებს.

View this post on Instagram

A post shared by Zeus Offroad (@zeus_offroad)

 

არც წინა და უკანა მხარეს დაყენებული ალუმინის ბამპერები, გაფართოებული თაღები, ტალახისგან დამცავები, სახურავის საბარგული LED-განათებებითა და ქარის დეფლექტორები ამ პროექტს კიდევ უფრო გამორჩეულ იერს სძენს. უკანა ნაწილში კი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ცენტრალური ორმაგი გამოსაბოლქვი სისტემაც გვხვდება.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც სავალი ნაწილის შემთხვევაში განხორციელდა. ავტომობილს 3-დიუმიანი ამაღლების კომპლექტი დაუმონტაჟეს, ასევე Flatout-ის რეგულირებადი ამორტიზატორებიც, რის შედეგადაც ავტომობილის კლირენსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტანდარტული დისკები 17-დიუმიანი „ოფ-როუდ“ დისკებით ჩანაცვლდა, რომლებიც სპეციალურ ყველგანმავალ საბურავებშია გახვეული.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

BMW M240i კვლავ უკანა წამყვანია, რაც ქვიშაზე ამ ავტომობილის მართვას კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლად აქცევს. კაპოტქვეშ კი უცვლელად 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ტურბოძრავა დაგხვდებათ, რომელიც 382 ცხენის ძალასა და 500 ნმ-მდე მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს.

Zeus Offroad-ს პროექტის ხარჯები არ გაუსაჯაროებია. ასევე უცნობია, კომპანია M240i-ის ბაზაზე მსგავს ავტომობილებს მასობრივად შესთავაზებს მომხმარებლებს, თუ ეს უნიკალური ავტომობილი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად დარჩება. აღსანიშნავია, რომ დუბაის ტუნერს მსგავსი ექსტრემალური პროექტები წარსულშიც შეუქმნია. მათ შორისაა მოდიფიცირებული Porsche Panamera, თუმცა მათი ნამუშევრების უმეტესობა Porsche Cayenne-ზეა დაფუძნებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები