არ იყიდოთ BMW რუსეთში! | ავტოტორი ქროსოვერებს 2022 წლიდან მორჩენილი ნაწილებით აწყობს
როდესაც რუსეთი 2022 წელს უკრაინას თავს დაესხა, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრია თითქმის ერთ ღამეში შეიცვალა. BMW იმ მრავალ ბრენდს შორის აღმოჩნდა, რომელმაც იქ წარმოება და გაყიდვები შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ კალინინგრადის ქარხანა „ავტოტორის“ თანამშრომლები, სადაც გერმანული ბრენდის მოდელები იწყობოდა, უამრავი მორჩენილი დეტალით ხელში და ყოველგვარი საქმის გარეშე დატოვა. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა მათგანმა გადაწყვიტა, ეს დარჩენილი ნაწილები გამოეყენებინა და ავტომობილები აეწყო.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
გასულ წელს უსამსახუროდ დარჩენილებმა 145 ასეთი მანქანა გაყიდეს და ეს ისტორიის ყველაზე უცნაური ნაწილი სულაც არ არის. გაყიდვების ციფრები ეყრდნობა რუსული გაზეთის, „კომერსანტის“ მიერ მოპოვებულ მონაცემებს, რომელიც იუწყება, რომ 2025 წელს რუსეთში BMW-ს გაყიდვები წინა წელთან შედარებით თითქმის გასამმაგდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოთხოვნა და გაყიდვები იზრდება იმის მიუხედავად, რომ ახალი ოფიციალური კომპონენტების მიწოდება შეწყვეტილია. კონვეიერიდან ჩამოსული მანქანები კი ნამდვილ საავტომობილო კოქტეილს წარმოადგენს.
„რადიო თავისუფლების“ რეპორტაჟის მიხედვით, ეს არალიცენზირებული მანქანები ბაზარზე პირველად 2025 წლის მარტში გამოჩნდა. ისინი აწყობილია იმ დეტალებისგან, რომლებიც ბრენდმა ქარხანაში მას შემდეგ დატოვა, რაც სამხედრო აგრესიის გამო „ავტოტორთან“ ათწლეულების განმავლობაში არსებული პარტნიორობა გაწყვიტა.
ამჟამად ქარხანაში X5, X6 და X7 მოდელის ქროსოვერებს აწყობენ. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, ორიგინალი ნაწილების მარაგების შემცირებასთან ერთად, აწყობის პროცესში უკვე იყენებენ ადგილობრივი წარმოების კომპონენტებსაც, მათ შორის გაყვანილობას, რეზინის დეტალებსა და შეღებილ ძარის პანელებს. თავად BMW შექმნილ სიტუაციას ღიად ემიჯნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ავტოტორმა“ 2025 წელს დაიწყო BMW-ს მანქანების შეზღუდული პარტიების წარმოება ძველი, ნაწილობრივ მოძველებული კომპლექტებისგან, რომლებიც მათ განკარგულებაში 2022 წლის თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ დარჩა. ბრენდში ასევე დასძენენ, რომ ეს არასანქცირებული წარმოება დღემდე არარეგულარულ რეჟიმში გრძელდება.

BMW Group-ის პრესსპიკერმა, კაროლინ ბახმანმა განაცხადა, რომ ამ არალიცენზირებული მანქანების შეძენასა და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, მათ საქმის კურსში ჩააყენეს ყველა ჩართული მხარე, მათ შორის სახელმწიფო უწყებები, დილერები და პოტენციური მომხმარებლები, რათა სიტუაცია მაქსიმალურად ნათელი ყოფილიყო. ეს სრულიად გასაგები ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად BMW-ს არანაირი წარმოდგენა არ აქვს ამ მანქანების ხარისხსა თუ უსაფრთხოებაზე. საავტომობილო ინდუსტრიის ანალიტიკოსმა და ლოგისტიკის ექსპერტმა, კრისტოფერ ლუდვიგმა აღნიშნა, რომ გერმანელი ინჟინრების ზედამხედველობის არარსებობა ხარისხთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.

ყველაზე გიჟური ამ ისტორიაში ალბათ მაინც ის არის, თუ რა თანხას იხდიან ადამიანები ამ არალეგალურ მანქანებში. ვებგვერდებისა და ანგარიშების მიხედვით, საბაზისო ვერსიების ფასი 11.9-დან 12.9 მილიონ რუბლამდე მერყეობს (რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 154 000 - 167 000 დოლარია). დიახ, საბაზისო კომპლექტაციის ქროსოვერში პრაქტიკულად Range Rover SV-ის საფასურს ითხოვენ. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ქარხანაში დატოვებული ნაწილები ამოიწურება, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ვარაუდით, ეს შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი არ მოხდეს. ერთი რამ კი ცხადია: თუ რამდენიმე წლის შემდეგ სადმე გასაყიდად შეგხვდებათ 2025 ან 2026 წლის საეჭვოდ იაფი BMW, რომელსაც 2022 წლის „სახე“ აქვს, სჯობს გვერდი აუაროთ.