Xiaomi-სა და BYD-ის აქციების ფასი მოულოდნელად გაიზარდა | მიზეზები
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათს მკვეთრად გაიზარდა. ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესება ივნისის თვის მიწოდების წარმატებულმა მაჩვენებლებმა განაპირობა, რის ფონზეც BYD-ის აქციები დაახლოებით 9 პროცენტით, ხოლო Xiaomi-ს აქციები თითქმის 5 პროცენტით გაძვირდა.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
Xiaomi-სთვის, რომელიც მობილურებით გავიცანით, თუმცა ახლა ჩინური საავტომობილო ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავია, ივნისი ზედიზედ მესამე თვე აღმოჩნდა, როდესაც ბაზარზე მიწოდებულმა ავტომობილებმა 30 000 ერთეულს გადააჭარბა. ფინანსური ორგანიზაცია Citi-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში კომპანიის ჯამურმა მიწოდებამ 180 000 ერთეულზე მეტი შეადგინა, რაც მისი 2026 წლის მთლიანი სამიზნე მაჩვენებლის (550 000 ერთეული) დაახლოებით 33 პროცენტია.
ასევე იხილეთ: ხუთ წელიწადში BYD მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება | BYD-ის თავმჯდომარე
Citi-ს ანალიტიკოსების პროგნოზით, Xiaomi-ს აქციების ღირებულება აგვისტოში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ბრენდის ახალი მდიდრული ქროსოვერის, YU9-ის პრეზენტაციას უკავშირდება. მათივე შეფასებით, ჩინური მეხსიერების ბარათების გლობალური მწარმოებლების მიერ კაპიტალური ხარჯების გაზრდის ფონზე, ბაზრის სტაბილიზაციის ნებისმიერი ნიშანი კომპანიის აქციებზე პოზიტიურად აისახება.

პარალელურად, საავტომობილო გიგანტმა BYD-მა ივნისში 403 472 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა, რაც 5.46 პროცენტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც 382 585 მანქანა რეალიზდა. Deutsche Bank-ის ანგარიშის მიხედვით, BYD-ის მეორე კვარტლის გაყიდვების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით 58 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მილიონ ერთეულს მიაღწია. გერმანული ბანკის პროგნოზით, კომპანიის კვარტალური წმინდა მოგება წინა კვარტალთან შედარებით 145 პროცენტით მოიმატებს და მეორე კვარტალში 10 მილიარდ იუანს შეადგენს.

ერთი სიტყვით, ჩინური ავტომწარმოებლები ინდუსტრიის დაპყრობას, როგორც ჩანს, მართლაც აპირებენ.