დიდი უკან გაწვევა — BMW 9 მოდელის 575 000 ერთეულს უკან გაიწვევს
ასეთ რამეს ხშირად ნამდვილად ვერ გაიგებთ — BMW მსოფლიოს მასშტაბით 575 000 ავტომობილს უკან იწვევს (მათგან აშშ-ში მხოლოდ 87 000-ია), მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მათ ელექტროსტარტერებს პრობლემები აქვს.
თითქოს ეს უსიამოვნება საკმარისი არ იყო, გერმანული კომპანიის განცხადებით, სტარტერმა შეიძლება აალებაც კი გამოიწვიოს ავტომობილის დაქოქვისას, ან უბრალოდ გადაადგილებისას. აღნიშნული სტარტერები BMW-ს Valeo-მ მიაწოდა და პრობლემებმა თავი პირველად გასული წლის სექტემბერში იჩინა — მას შემდეგ, რაც BMW-მ სამი მანქანის აალების მოკვლევა დაიწყო — ცეცხლი ორ 2022 წლის 3-Series-სა და ერთ 2023 წლის 4-Series-ს გაუჩნდა. 
დეტალური კვლევის შედეგად BMW-ის ინჟინრებმა ელექტრული რელეს კამერაში მეტალის მასალის დაგროვება დააფიქსირეს, რაც ჭარბმა ცვეთამ გამოიწვია. 2026 წლის იანვარში კიდევ ერთი 2021 წლის მე-3 სერია დაიწვა და პრობლემა ამ შემთხვევაშიც ანალოგიური აღმოჩნდა.
შესაბამისად, ბავარიულმა ავტომწარმოებელმა არ დააყოვნა და გაწვევა გამოაცხადა, თუმცა ჯერჯერობით, დეტალურად ბაზრების მიხედვით გაწვეული ავტომობილების მონაცემები არ გაუვრცელებია. ვიცით მხოლოდ ის, რომ აშშ-ში სტარტერების გამოცვლა 87 394 ავტომობილს დასჭირდება.
რომელ მოდელებს შეეხება გაწვევა?
უკან გაწვევა სხვადასხვა წელს გამოსულ არაერთ მოდელს შეეხება, მათ შორის არაერთ ახალ მოდელსა და BMW-ის ძრავით აღჭურვილ Toyota Supra-საც კი. BMW-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გაწვეული ავტომობილების რაოდენობა გიგანტურია, სინამდვილეში სტარტერის შეცვლა მათ 0.1%-ზე ნაკლებს დასჭირდება.
ახლა კი, იხილეთ იმ მოდელების ჩამონათვალი, რომელთაც გაიწვევენ:
| მოდელი | გამოშვების პერიოდი |
| 5-Series MY2021-2024 | 24.06.2021 - 27.03.2023 |
| Z4 MY2021-2022 | 24.06.2021 - 29.08.2022 |
| 4-Series MY2022-2024 | 01.07.2021 - 29.11.2023 |
| 4-Series Convertible MY2021-2024 | 24.06.2021 - 04.12.2023 |
| 3-Series MY2021-2024 | 26.11.2020 - 07.05.2024 |
| X4 MY2021-2023 | 14.12.2020 - 14.12.2022 |
| X3 MY2021-2024 | 14.12.2020 - 14.12.2022 |
| Toyota Supra MY2021-2023 | 24.06.2021 - 01.09.2022 |
| 2-Series Coupe MY2022-2023 | 15.12.2020 - 13.07.2022 |