რეკორდული გაწვევების შემდეგ Ford-ი თანამშრომლებს 130%-იან ბონუსებს ჰპირდება
Ford-მა გასულ წელს ავტომობილების უკან გაწვევის 153 რაუნდი გამოაცხადა და შედეგებით, 2025 წლის ამ არცთუ ისე „საამაყო“ სიაში პირველიცაა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ გასულ წელს ავტომწარმოებელმა 8.2 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა ზარალიც მიიღო, რაც ნაწილობრივ საწვავის ინჟექტორის პრობლემის გამო ავტომობილების უკან გაწვევის მიზეზით იყო.
ვერ ვიტყვით, რომ Ford-ს კარგი წელი ჰქონდა; იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ახლა ავტომწარმოებლისთვის მოქმედების დრო დადგა. როგორც ჩანს, ამ საკითხის მიმართ Ford-ის აღმასრულებლებს საინტერესო სტრატეგიაც აქვთ და მაღალი ბონუსების გაცემას იწყებენ. Reuters-ი საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის მასშტაბით თანამშრომლებს 130%-იან ბონუსებს დაჰპირდა.

წყაროთა ცნობით, Ford-ის CEO-მ განმარტა, რომ გაზრდილი ბონუსები ავტომობილის საწყისი ხარისხის გაუმჯობესებითაა განპირობებული, რომელიც მფლობელისთვის მანქანის მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში იზომება.
J.D. Power-ის მიერ 2025 წელს ჩატარებულ საწყისი ხარისხის კვლევაში Ford-მა საშუალოზე დაბალი შედეგი დააფიქსირა — ყოველ 100 მანქანაზე 193 პრობლემით. ეს, შესაძლოა, კარგი შედეგი არაა, რადგან ფაქტობრივად საშუალოდ, პირველი 90 დღის განმავლობაში, თითო მანქანაზე თითქმის 2 პრობლემას ნიშნავს. თუმცა ფარლიმ განაცხადა, რომ კომპანიის საწყისი ხარისხი საუკეთესო იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

შედეგად, Ford-ის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ თანამშრომლებიც მაღალ ბონუსებს იმსახურებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, მოსაწონი გადაწყვეტილებაა. ანგარიშში განმარტებულია, რომ Ford-ი მიზნებს ყოველწლიურად ადგენს და ბონუსები ამ შიდა მიზნებს ეფუძნება. 2025 წლისთვის კი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ავტომობილების საწყისი ხარისხის გაუმჯობესება იყო. ეს მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, რის გამოც დაახლოებით 75 000 თანამშრომელი ბონუსებს მიიღებს.