რეგულაციები, ჩინეთი, ელექტრომობილები, ტესლა, ჩინური ელექტრომობილები
Aa
Aa

ელექტროსახელურების შემდეგ, ჩინეთი Yoke-ს სტილის საჭეებს აკრძალავს

მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ, ე.წ. „უღლის ფორმის“ საჭე წარადგინა (იგივე Yoke), ეს გადაწყვეტილება მძღოლების დიდ ნაწილს არ მოეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიც Lexus-ი და თავად Tesla არიან, მაქსიმალურად ცდილობენ საჭის დიზაინი გაამარტივონ, ბევრი მიიჩნევს, რომ Yoke-ს სტილი სტანდარტულ მრგვალ საჭეებთან შედარებით, შესაძლოა, სახიფათოც კი იყოს.

სწორედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებისა და რისკების გამო, ჩინეთმა Yoke-ს სტილის საჭეების აკრძალვაზე კანონპროექტი წარადგინა. ეს მას შემდეგ ხდება, რაც გაზრდილი ავარიების გამო, ქვეყანამ Tesla-ს ელექტრომობილებში (EV) გამოყენებული ელექტროსახელურების სტილი აკრძალა. ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ოფიციალური უწყება საჭის აკრძალვისთვის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს:

პირველი, რაც მათ შეშფოთებას იწვევს, არის ავარიების დროს საჭის რეაგირება. კერძოდ, რამდენად ძლიერად ურტყამს ის მძღოლს — ფორმის გამო, შეჯახებისას ზეწოლა მძღოლზე შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე ეს უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული, შესაბამისად, დაზიანების რისკიც იზრდება.

მეორე: როგორ მოძრაობს ის ავარიის დროს. ჩვეულებრივი მრგვალი საჭის შემთხვევაში, სრულ წრეზე დატრიალება ხელს უწყობს ძალის უფრო თანაბრად გადანაწილებას და მკერდზე პირდაპირი ზეწოლის შემცირებას. ხოლო Yoke-ს სტილის საჭეში, რომელსაც ზედა ნაწილი არ აქვს, ნაკლები სტრუქტურაა, ძალა შეიძლება უფრო მეტად ერთ ადგილას იყოს კონცენტრირებული და ამან მძღოლზე ზეწოლა გაზარდოს. ამგვარად, ჩინეთი მიიჩნევს, რომ ზედა ნაწილის არარსებობის გამო, ასეთ ავტომობილებში მძღოლები ნაკლებად არიან დაცულნი.

უწყების მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Yoke-ს ტიპის საჭეში უსაფრთხოების ბალიში შესაძლოა სრულად მრგვალ ფორმაზე არ გაიბეროს, ხოლო თუ გაიბერა, ზედა ნაწილის არარსებობა მაინც არასაკმარისია მძღოლის დასაცავად. ავარიის დროს ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ბალიშის ნაცვლად, მძღოლის თავი შესაძლოა საჭის სვეტს დაეჯახოს. შედეგად, სტანდარტული საჭისგან განსხვავებით, ტრავმის რისკი იზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ: ჩინეთი Tesla-ს სტილის კარის სახელურებს კრძალავს

სავარაუდოდ, ჩინეთში ეს რეგულაცია სავალდებულო 2027 წლის პირველი იანვრიდან გახდება. ამჟამად აშშ-ში მსგავსი ტიპის საჭეები ძირითადად მხოლოდ Tesla-ს მოდელებში გვხვდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ ჰუმანოიდებზე ორიენტირების მიზნით Model X-ისა და S-ის წარმოება შეწყვიტა, სამომავლოდ Yoke საჭეები შესაძლოა სრულადაც გაქრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები