ჩინეთი, ბიემვი, მილან ნედელიკოვიჩი, ბმვ, ოლივერ ზიპსი
Aa
Aa

BMW-ს CEO: „გერმანულ ავტომწარმოებლებს ჩინეთი სჭირდებათ“

ჩინეთში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტამდე, BMW-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და მოქმედმა CEO-მ ოლივერ ზიპსემ, ავტომწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა, რომ მსოფლიოს ამ წამყვანი ბაზრის იგნორირება მომავალი ეკონომიკური წარმატებისთვის საფრთხის შემცველია.

ზიპსე, ბიზნესდელეგაციის წევრის სტატუსით, გერმანიის ოფიციალურ პირებთან ერთად, მომავალ კვირას ჩინეთში მიემგზავრება. ცნობისთვის, ეს ბოლო პერიოდში ევროპელი ლიდერების პირველი ოფიციალური ვიზიტი არ არის.

„კომპლექსური გლობალური გამოწვევების გადაჭრა მხოლოდ კოლექტიური მუშაობითაა შესაძლებელი“, — განაცხადა ზიპსემ და დასძინა, რომ პეკინთან მუშაობა მათთვის ფუნდამენტურია. „ისინი, ვინც ჩინეთის უზარმაზარ ბაზარსა და ინოვაციურ პოტენციალს უყურადღებოდ ტოვებენ, გლობალური ზრდისა და ეკონომიკური წარმატების დიდ შესაძლებლობებს უშვებენ ხელიდან“.

„ინოვაცია და პროგრესი იბადება არა იზოლაციაში, არამედ მაშინ, როდესაც პიონერული სული, ღიაობა და გლობალური გამოცდილება ერთიანდება“, — აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ BMW-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორიც ჰყავს. დეკემბერში კომპანიამ ხელმძღვანელად 30-წლიანი სტაჟის მქონე მილან ნედელიკოვიჩი წარადგინა. ამ უკანასკნელმა თანამდებობაზე სწორედ ოლივერ ზიპსე შეცვალა, რომელიც BMW-ს სათავეში 2019 წლის აგვისტოდან ედგა. ზიპსეს უფლებამოსილება ოფიციალურად მაისის ბოლოს ამოიწურება, რის შემდეგაც მუშაობას ნედელიკოვიჩი შეუდგება. 

როგორც ნედელიკოვიჩის დანიშვნისას იწერებოდა, ავტომწარმოებლის კურსი მნიშვნელოვნად შეცვლილია — ახლა გერმანელები ფსონს ახალი თაობის ელექტრომობილებზე ჩამოდიან, მთავარ გამოწვევად კი კვლავ ჩინეთთან და Tesla-სთან კონკურენცია რჩება. ახალი CEO-ს დანიშვნისას, BMW-ს აქციონერ Union Investment-ის პორტფელის მენეჯერმა, მორიც კრონენბერგერმა განაცხადა: „ნედელიკოვიჩის ეპოქის წარმატება ჩინეთში გადაწყდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები