ერთხელ ჯერემი კლარკსონმა გადაწყვიტა მანდილოსნები Zonda-ს სუპერქარით მოეხიბლა
ლეგენდარული და ბევრისთვის უკვე მონატრებული გადაცემის, Top Gear-ის მაყურებელს, წესით, უნდა ახსოვდეს ის ეპიზოდი, სადაც ჯერემი კლარკსონმა Zonda-ს სუპერქარით ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა — ოღონდ არა მამაკაცების, არამედ მანდილოსნების. თუმცა, საბოლოოდ, მან რადიკალურად განსხვავებული შედეგი მიიღო.

ტელეწამყვანი თავისი ერთ-ერთი სპეციალური გამოშვების, „ჯერემი კლარკსონის თრილერის“ (Jeremy Clarkson: Thriller) სეგმენტს იღებდა, რა დროსაც Pagani Zonda ბართან გააჩერა, რათა ფეხით მოსიარულეთა ემოციებს დაჰკვირვებოდა. ეპიზოდის ჩაწერისას კლარკსონმა აღნიშნა, რომ, როგორც წესი, Zonda-ს მოდელი ქალებს მოსწონთ და იგი სწორედ ამ თეორიის შემოწმებას ცდილობდა. ამიტომაც ბარის მაგიდასთან სასმლით ჩამოჯდა და დაელოდა, ვინ მივიდოდა მასთან.
Zonda-ს ექსტრავაგანტული სტილითა და დახვეწილობით გარშემომყოფები მართლაც აღფრთოვანებულნი დარჩნენ. თუმცა ვიდეოშიც შეამჩნევთ, რომ სუპერქარით ძირითადად მამაკაცები მოიხიბლნენ — მათ შორის ყველა ასაკის — და არა მანდილოსნები. კლარკსონი კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მისი თავდაპირველი დაშვება მცდარი აღმოჩნდა.
View this post on Instagram
თუმცა რთულია Top Gear-ის ლეგენდარული წამყვანი გაამტყუნო, როდესაც საუბარი Pagani Zonda-ზეა. ეს მოდელი პირველად 1999 წელს გამოჩნდა და წარმოებაში 2019 წლამდე დარჩა, რა პერიოდშიც კომპანიამ სულ 140 ეგზემპლარი დაამზადა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი და ძვირადღირებული სუპერქარია.
მისი საფირმო ნიშანი კაპოტის ქვეშ მოთავსებული Mercedes-Benz-ის V12 ძრავის სხვადასხვა ვერსია იყო. მაგალითად, პირველი თაობის Pagani Zonda 6-ლიტრიანი M120 V12-ით იყო აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო 2019 წლის მოდელის 7.3-ლიტრიანი AMG V12 ძრავის სიმძლავრე 800 ცხენის ძალას აღწევდა.