ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

Tesla-მ Cybertruck-ის „ბიუჯეტური“ ვერსია გამოუშვა, რომელიც დაგეგმილზე 20 000-ით ძვირია

Cybertruck-ი ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ჩაფლავებაა, რომელმაც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის იმედები ამ დრომდე ვერ გაამართლა და გაყიდვების თავდაპირველად ჩაფიქრებული რაოდენობის ნახევარსაც კი ვერ მიაღწია. ამერიკული კომპანია ამ პრობლემის გამოსწორებას სრულად ელექტრო პიკაპის ახალი, ნაკლებად მდიდრული ვერსიის გამოშვებით გეგმავს, რომელიც 60 000$-ზე იაფი ეღირება.

ამჯერად, Tesla-მ ორძრავიანი, სრულად ამძრავი Cybertruck-ი წარადგინა — 59 990$-ად შეფასებული პიკაპი მოდელის, ჯერჯერობით, ყველაზე იაფი ვერსიაა, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა „საბაზისო“ 40 000$-იანი ფასი, რომელიც აღმასრულებელმა დირექტორმა დააანონსა 2019 წელს, როცა ელექტრომობილი წარადგინა.


ამავდროულად, კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული ვერსიის, Cyberbeast-ის ფასი 100 000 დოლარამდე შეამცირა, რაც 15 000-დოლარიანი შემცირებაა.

ახალ ვერსიას ორი ელექტროძრავა აქვს, ერთი დამუხტვით 523 კილომეტრის გავლა შეუძლია და 100 კმ/სთ-მდე 4.1 წამში ჩქარდება. ასევე, მოდელი აღჭურვილია ოთხი თვლის მართვის ფუნქციის მქონე საჭის მექანიზმით და სწრაფ დამუხტვასთან თავსებადი ელექტო არქიტექტურით. თუმცა, რეგულირებადი პნევმატური დაკიდების ნაცვლად, აქ ადაპტურ ამორტიზატორებსა და ზამბარებს ვხვდებით. ასევე, ინტერიერში გათბობის რეჟიმით მხოლოდ წინა სავარძლებია აღჭურვილი. 

ცხადია, შეიცვალა ფუნქციური თავისებურებებიც — მაგალითად, თუ აქამდე ელექტრო სატვირთოს 4990კგ-ის ბუქსირება შეეძლო, ახლა ეს რიცხვი 3400კგ-მდე შემცირდა. 

ეს სიახლე შემთხვევითი სულაც არ არის. გასულ წელს აშშ-ში Tesla-მ 20 000 Cybertruck-ი გაყიდა, რაც 2024-თან შედარებით, განახევრებული რიცხვია (ხოლო თუ CEO-ს მიერ პროგნოზირებულ რიცხვს შევადარებთ, ათჯერ ნაკლებია). თანაც, ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენცია თანდათან იზრდება, შესაბამისად, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები