Volvo 40 323 ერთეულ EX30-ს უკან გაიწვევს, რაც კომპანიას 195 მილიონი დაუჯდება
ახალი დღე — ელექტრომობილების ახალი უკან გაწვევა... ამჯერად, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა Volvo-ს მოუწია. აალების რისკის გამო, შვედური კომპანია უკან EX30-ებს გამოიხმობს.
გაწვევა აშშ-ის საგზაო მოძრაობის ეროვნულ ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია, თუმცა Reuters-ის ცნობით, მისი სამიზნე მსოფლიოს მასშტაბიტ 40 323 ვოლვო იქნება. გაწვეულ ავტომობილებს მაღალი ძაბვის აკუმულატორების ბლოკში მოდულების შეცვლა დასჭირდებათ. 
დეტალები მწირია, თუმცა, სავარაუდოდ, ვოლვოს სადილეროებში მისვლა EX30-ის ერთძრავიანი (Single-Motor Extended Range) და ორძრავიანი (Twin Motor Performance) ვერსიების მფლობელებს მოუწევთ. კომპანიამ გამოცემას განუცხადა, რომ მომხმარებლები შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინსტრუქციებს მიიღებენ.
როიტერსი აღნიშნავს, რომ პრობლემური ბატარეები კომპანიას ჩინურმა Shandong Geely Sunwoda Power Battery Co.-მ მიაწოდა — Volvo-ს განცხადებით, Geely უკვე ინფორმირებულია და ახალი ბატარეების მიწოდება მალე დაიწყება. ზუსტად რა იწვევს ხარვეზს, ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ აალება ბატარეის თითქმის ბოლომდე დამუხტვის შემთხვევაში ხდება — შესაბამისად, შვედური ავტომწარმოებელი მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ მოდულების გამოცვლამდე მანქანა მხოლოდ 70%-მდე დამუხტონ. ეს ცეცხლის საფრთხეს, ფაქტობრივად, აქრობს, თუმცა კომპანია EX30-ის დახურულ სივრცეში პარკირებისგანაც თავის შეკავებას გვირჩევს. 
ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში ვოლვომ გადახურების საფრთხის გამო 40 ერთეული 2025 წლის EX30 გაიწვია... მალე გაირკვევა, რამდენად უკავშირდება ეს ორი გაწვევა ერთმანეთს, თუმცა მწარმოებლისთვის, რომელიც ფსონს მეტწილად ელექტრომობილების შექმნაზე ჩამოდის, აღნიშნული პრობლემა დიდი დარტყმაა — Reuters-ის შეფასებით, მხოლოდ ეს გაწვევა კომპანიას 195 მილიონი დოლარი დაუჯდება.