ტექნოლოგიები, მყარსხეულიანი ბატარეა, დონატ ლაბი, ვერჯი
Aa
Aa

Donut Lab-მა პირველი მყარსხეულიანი ბატარეის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

ბატარეების სამყარო ამბიციებითაა სავსე, თუმცა, ასეა თუ ისე, მას მაინც ჩინური და კორეული გიგანტები აკონტროლებენ — შესაბამისად, როცა ფინურმა სტარტაპმა Donut Lab-მა 2026 წლის დასაწყისში, სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე განაცხადა, რომ მსოფლიოს პირველი მყარსხეულიანი ბატარეა შექმნა და მას მალე რეალურ ტრანსპორტზე გამოცდიდა, ინდუსტრია ახმაურდა.

ასევე იხილეთ: ფინურმა კომპანიამ CES-ზე პირველი მყარსხეულიანი ბატარეა წარადგინა

Donut Lab-ის განცხადებით, მათი პროდუქტი 400 ვატ.საათი/კგ-ის ტოლ ენერგიის სიმჭიდროვეს გვთავაზობს და დამუხტვა-განმუხტვის 100 000 ციკლს უძლებს. ცხადია, ამ საკმაოდ თამამმა განცხადებამ კითხვისნიშნები გააჩინა. ინდუსტრიის ექსპერტებმა განცხადება ეჭვქვეშ დააყენეს, რამაც Donut Lab-ი ფინეთის VTT ტექნიკური კვლევის ცენტრთან მიიყვანა, სადაც გამოიკვლიეს, სინამდვილეში რამდენად სწრაფად შეიძლება ახალი მყარსხეულიანი ბატარეა დაიმუხტოს. 


გამოქვეყნებულ ვიდეოში ფინური სტარტაპი პროდუქტის დამუხტვის სისწრაფისა და თერმულ სტაბილურობის გამოცდის შედეგებს გვიჩვენებს. შედეგები შთამბეჭდავია და სტაბილურობის შემთხვევაში, ბატარეა ელიტურ კლუბში შევა... 

ორი თბოშთანმთქმელით აღჭურვის შემდეგ ტესტირებისას 0-დან 80%-მდე პროდუქტი სულ 4.5 წუთში დაიმუხტა, 100%-მდე მისვლას კი, დაახლოებით, 7 წუთი დასჭირდა. პროცესში ბატარეის ტემპერატურამ 63°C-ს მიაღწია. ერთი თბოშთანმთქმელის გამოყენებისას კი 90°C-მდე გაიზარდა, რამაც 4 წუთიანი პაუზა გამოიწვია, სანამ ბატარეა გაგრილდებოდა. 

Electrek-ის ცნობით, Donut Lab-ი აცხადებდა, რომ ბატარეას აქტიური გაგრილება არ სჭირდებოდა დამუხტვის ექსტრემალური სიჩქარის მისაღწევად, თუმცა გამოცდამ აჩვენა, რომ თერმული კონტროლი რაღაც დონეზე მაინც იქნება საჭირო. ამის გათვალისწინებითაც, შედეგი შთამბეჭდავია, განსაკუთრებით კი ამდენად პატარა კომპანიისთვის. 

კომპანიამ გამოცდის შედეგები ახალ ვებსაიტზე გამოაქვეყნა წარსწერით „iDonutBelieve", რითაც კრიტიკოსებს სარკასტულად უპასუხა. სხვა ტესტების შედეგები მომავალ კვირას გამოქვეყნდება და, სავარაუდოდ, დადასტურდება, რომ ბატარეა 100 000-იან ციკლს მართლაც უძლებს. 

პირველი ტრანსპორტი, რომელიც ფინურ მყარსხეულიან ბატარეას გამოიყენებს, Verge-ის სრულად ელექტრო მოტოციკლი TS Pro იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები