რესტავრაცია, კაბრიოლეტი, პორშე 911, სპორტქარი, პორშე 911 ტურბო
Aa
Aa

ავტოფარეხში ნაპოვნი განძი — აშშ-ში 30 წლის წინ მივიწყებული Porsche 911 Slantnose აღმოაჩინეს

ლოს-ანჯელესში, ავტოფარეხის რიგითი დასუფთავება იქცა ისტორიად, რომელიც Porsche-ს ნებისმიერ ფანს გულს აუჩქარებს. მამის დანატოვარი სახლის მოწესრიგებისას, ამერიკელმა მამაკაცმა წლობით დაკეტილი ფარეხი გახსნა და იქ იპოვა ავტომობილი, რომელიც ბავშვობის შემდეგ აღარ უნახავს — მტვრის სქელი ფენით დაფარული 1989 წლის Porsche 911 Turbo Cabriolet-ი, თანაც იშვიათი Slantnose (ე.წ. ბრტყელცხვირა) ვერსია...

ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

მთავარი კითხვა, რომელიც ახლა არსებობს, შემდეგია: არის თუ არა ეს 930 ნამდვილი, ქარხნული Slantnose, თუ 80-იან წლებში პოპულარული ერთ-ერთი ასლია? სწორედ ამაზეა დამოკიდებული, ეს უბრალოდ სენტიმენტალური აღმოჩენაა თუ ჭეშმარიტი ოქროს ბილეთი. 

გრეი, რომელმაც პორშე იპოვა, ამ მანქანის „გარემოცვაში“ გაიზარდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ის აღარ უნახავს. როდესაც ფარეხი საბოლოოდ გაიხსნა, მოდელის მდგომარეობა მძიმე აღმოჩნდა: მტვერი, ნაგავი და დაზიანებული ძარა. თუმცა, გრეის კაბინაში ნამდვილი სიურპრიზი ელოდა — მან იქ ხის პატარა ფიგურა იპოვა წარწერით „მამა“, რომელიც წლების წინ სკოლაში დაამზადა. როგორც ჩანს, მამა შვილის საჩუქარს მთელი ამ ხნის განმავლობაში მანქანაში ინახავდა.

ავტომობილის გასაწმენდად და შესამოწმებლად WD Detailing-ის გუნდი მიიწვიეს. მტვრის ფენის ქვეშ კი, როგორც აღვნიშნეთ, გამოჩნდა ავტომობილი, რომელიც შესაძლოა იმაზე ბევრად ძვირფასი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

Slantnose, იგივე Flachbau, Porsche-ს დიდებულების ერთ-ერთი მწვერვალია. ლეგენდარული 935-ით შთაგონებული ეს დიზაინი თავდაპირველად Porsche-ს სპეციალური შეკვეთების პროგრამის ნაწილი იყო, 1987 წლიდან კი ჩრდილოეთ ამერიკისთვის ოფიციალურ ვარიანტად იქცა. ქარხნულ მოდელებს სრული „პაკეტი“ ჰქონდათ: შეცვლილი წინა ფრთები, pop-up მაშუქები, სპეციალური ჰაერის შემშვებები და სხვა ხელნაკეთი დეტალები, რაც სტანდარტულ 911 Turbo-ს Slantnose-ის გვერდით უბრალო ავტომობილად აქცევდა. ამ ექსკლუზიურობაში Porsche მაშინაც კოლოსალურ თანხას ითხოვდა, ახლა კი, ცხადია, ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი...

1989 წელი მოდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: სწორედ ამ წელს Porsche-მ Turbo მოდელს, ძველი ოთხსიჩქარიანის ნაცვლად, ხუთსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი დაუმონტაჟა. ეს ფაქტორი კი 1989 წლის მოდელებს წარმოუდგენლად სასურველს ხდის. ბაზარზე მისი ფასები შთამბეჭდავია: 2025 წელს, RM Sotheby’s-ის მაიამის აუქციონზე, 1989 წლის ქარხნული Slantnose კაბრიოლეტი 428 500$-ად გაიყიდა.

სტატისტიკის მიხედვით, 1989 წელს სულ რაღაც 50-დან 75-მდე ასეთი კაბრიოლეტი იქნა გამოშვებული ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის. ასე რომ, თუ გარაჟში ნაპოვნი ეს ეგზემპლარი ორიგინალი აღმოჩნდება, გრეი ნამდვილი ოქროს საბადოს მფლობელია.

მსგავსი სიახლეები