Pininfarina-მ Honda NSX-ის შესანიშნავი რეინკარნაცია წარმოადგინა
თქვენ ახლა 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროექტის გაგრძელებას უყურეთ — Pininfarina-სა და JAS Motorsport-ის ერთობლივი ნამუშევარს, რომელმაც ლეგენდარულ Honda NSX-ს სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა. მილანის დიზაინის კვირეულზე პარტნიორებმა პროექტ Tensei-ს შესახებ დამატებითი დეტალები გაამჟღავნეს, რაც ტუნინგის სამყაროში ნამდვილი მოვლენაა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda
რადიკალურად შეიცვალა ავტომობილის პროპორციები, რაზეც Pininfarina-ს გუნდმა უდიდესი რესურსი დახარჯა. ორიგინალ NSX-თან შედარებით, Tensei-ს უფრო გრძელი თვლების ბაზა, დამოკლებული უკანა ნაწილი და გაფართოებული დგომი აქვს და ერთი შეხედვით, უფრო დაბლაცაა გართხმული (თუმცა ეს არც NSX-ს აკლდა). მთავარი დიზაინერის, დიმიტრი ვიჩედომინის თქმით, მას შემდეგ, რაც ეს პარამეტრები დადგინდა, ავტომობილმა თითქოს „საკუთარი თავის ხატვა თავად დაიწყო“...
გაფართოებული კორპუსი და ფრთები გეომეტრიულ სტილს ქმნის, რომელიც Pininfarina-ს ისეთ შედევრს მოგვაგონებს, როგორიცაა Ferrari 288 GTO. შედეგად, მივიღეთ NSX, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ბოლო 30 წელი სპორტდარბაზიდან არ გამოსულა, თუმცა შეინარჩუნა ისეთი საკულტო დეტალები, როგორიცაა „პოპ-აპ“ მაშუქები და ინტეგრირებული უკანა სპოილერი.
Tensei-ს ტექნიკური მხარე ავტომოყვარულის ნამდვილი ოცნებაა. ავტომობილის კაპოტის ქვეშ ატმოსფერული V6 იმალება, რომელიც თავდაპირველი აგრეგატის არქიტექტურაზეა აგებული, თუმცა მაქსიმალურ სიმძლავრეზეა ოპტიმიზებული. რაც მთავარია, ის დაკავშირებულია ექვსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. აქ ვერ ნახავთ ტურბოებსა და ელექტრიფიკაციას — ეს ტრადიციული საინჟინრო მიდგომაა, რომელიც თანამედროვე ჰიპერქარების მფლობელებსაც კი ნოსტალგიას გაუჩენს.
ინტერიერის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მწირია და ფოტოებიც არ გავრცელებულა, თუმცა Pininfarina გვპირდება ხარისხის მკვეთრ ზრდას. შენარჩუნდება ორიგინალისთვის დამახასიათებელი იდეალური ერგონომიკა და ხილვადობა, რასაც დაემატება უმაღლესი ხარისხის მასალები და ექსკლუზიური მართვის ელემენტები. ბევრი იმედოვნებს, რომ ციფრული ეკრანების ნაცვლად, კვლავ ანალოგურ ხელსაწყოთა პანელს ვიხილავთ.
ისტორიული კონტექსტი კიდევ უფრო საინტერესოა: Pininfarina-სა და Honda-ს თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1984 წელს, HP-X პროტოტიპით დაიწყო, რომელმაც, ფაქტობრივად, NSX-ის გამოჩენა „იწინასწარმეტყველა“. Tensei კი ამ ისტორიის ლოგიკური და გრანდიოზული გაგრძელებაა. ავტომობილები მილანთან ახლოს, JAS Motorsport-ის ატელიეში, ხელით აიწყობა, ხოლო სრულმასშტაბიანი პრემიერა 2026 წლის ბოლოს იგეგმება. სწორედ მაშინ გავიგებთ მის ფასსა და იმ იღბლიანთა რაოდენობას, ვინც ამ შედევრის ფლობას შეძლებს.