ბრიტანეთში GT-R R34-ების უნიკალური კოლექცია იყიდება
რა შეიძლება იყოს ერთ Nissan Skyline GT-R R34-ზე უკეთესი? პასუხი მარტივია — ხუთი ცალი R34. მომავალ თვეში Broad Arrow-ს აუქციონზე სწორედ ამ განსაცვიფრებელ კოლექციას ვიხილავთ. კოლექცია ბრიტანეთშია განთავსებული და მისი თითოეული ეგზემპლარი თავისებურად უნიკალურია.
აი, ის ხუთი ლეგენდა, რომლებსაც აუქციონზე ვიხილავთ:
1999 Midnight Purple II
ეს კოლექციის ყველაზე „ხანდაზმული“ წევრია, თუმცა მისი ფერი, რომელიც განათების მიხედვით იცვლება, დღესაც ჰიპნოზურ ეფექტს ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ 27 000 მილით (43 500კმ) მას ყველაზე დიდი გარბენი აქვს, ავტომობილის ტექნიკური მონაცემები შოკისმომგვრელია. მისი Hosaka Turning Factory-ს მიერ მოდიფიცირებული 2.8-ლიტრიანი ძრავა, GReddy-ს ტურბინით, 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს...

2001 Bayside Blue V-Spec II
ამ ავტომობილს მხოლოდ 6700 მილი (10 800კმ) აქვს გავლილი და ის ერთ-ერთია იმ 14-დან, რომლებიც NISMO S-Tune (Street) პაკეტით ქარხნულად აღიჭურვნენ. 400 ცხენის ძალა, ნახშირბადის ბოჭკოს უკანა ფრთა და ქუჩისთვის ოპტიმიზებული დაკიდების სისტემა მას იდეალურად მართვად GT-R R34-ად აქცევს.

2001 Silica Brass M-Spec
ლეგენდარული მოდელის ამ ვერსიას სახელწოდება "M" მთავარ ინჟინერ კაზუტოში მიზუნოს (Kazutoshi Mizuno) პატივსაცემად ეწოდა. ეს კონკრეტული Skyline-ი ფუფუნებაზეა ორიენტირებული: ტყავის სალონი, სავარძლების გათბობა და შედარებით რბილი დაკიდების სისტემა. მისი ოქროსფერი (Silica Brass) შეფერილობა კი მას დღისითა თუ ღამით შორიდანვე გამოარჩევს.

2002 Millennium Jade V-Spec II Nür
წარმოების ბოლო წელს Nissan-მა R34-ის Nür ვერსია გამოუშვა, რომელიც ნიურბურგრინგის ტრასას ეძღვნებოდა. მოდელი გაძლიერებული RB26 ძრავითაა აღჭურვილი, აქვს დიდი ტურბინები და ოქროსფერი ძრავის ხუფი. ეს კონკრეტული ეგზემპლარი ექსკლუზიურ Millennium Jade ფერშია და მისი ოდომეტრი მხოლოდ 18 000 მილს (29 000კმ) აჩვენებს.

2002 Clubman Race Spec (CRS) – NISMO-ს შედევრი
ბოლოს კი, კოლექციის ნამდვილ მარგალიტზე უნდა ვისაუბროთ. თავდაპირველად M-Spec-ად დაბადებული ავტომობილი მოგვიანებით NISMO-ს Omori Factory-ში სრულად გადაკეთდა. ის ერთ-ერთია იმ 6 ავტომობილიდან მსოფლიოში, რომელსაც 2.8-ლიტრიანი F Sport R ძრავა აქვს (Z-Tune-ის ანალოგი). 2022 წელს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ მან მხოლოდ 200 მილი (321 კმ) გაიარა.

ამ კოლექციის ერთიანად შეძენა დიდებული რამე იქნებოდა, თუმცა ეს მარტივი მისია არ არის, რადგან ჩამოთვლილთაგან თითოეული R34 ასიათასობით დოლარი ეღირება...
მხოლოდ 1-ის შეძენა რომ შეგეძლოთ, რომელზე შეაჩერებდით არჩევანს?