ჰონდა, სპორტქარი, ჰონდა ენესიქსი, ვი 8, ჰონდა ეიჩესვი-010 ჯითი
Aa
Aa

Honda-მ 12 წლის შემდეგ HSV-010 GT დაქოქა | მოუსმინეთ მისი V8 ძრავის ღრიალს

ავტომობილების ისტორია სავსეა მოულოდნელი გადახვევებით და ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ეპიზოდი Honda-მ ახლახან თავად გაგვახსენა. კომპანიამ ლეგენდარული HSV-010 GT გააცოცხლა — სარბოლო ავტომობილი, რომელიც 2010-დან 2013 წლამდე იაპონიის Super GT სერიაში ასპარეზობდა. ეს პირველი შემთხვევაა მოდელის პენსიაზე გასვლის შემდეგ, როცა მისი 3.4-ლიტრიანი V8 ძრავის ღრიალი კვლავ გაისმა, რისი ამსახველი მაღალხარისხიანი ვიდეოც Honda Racing-მა საკუთარ YouTube არხზე გამოაქვეყნა.

Super GT-ის წესების თანახმად, სარბოლო მანქანები სერიულ მოდელებს უნდა ეფუძნებოდეს, თუმცა HSV-010 GT გამონაკლისი იყო — ის შეიქმნა  პერიოდში, როცა Honda პირველი თაობის NSX-ის შემცვლელზე მუშაობდა. თავდაპირველი გეგმით, ახალ NSX-ს წინა განლაგების V10 ძრავა უნდა ჰქონოდა. ეს იდეა 2007 წლის დეტროიტის ავტოშოუზე წარდგენილ Acura ASCC პროტოტიპშიც აისახა.

ასევე იხილეთ:  როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda 

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის გამო პროექტი შეჩერდა, Honda-ს კი რბოლების გასაგრძელებლად ახალი მანქანა სჭირდებოდა. ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და კომპანიას ნება დართეს, სპეციალურად რბოლისთვის აწყობილი მოდელი გამოეყვანა, რომელსაც სერიული ანალოგი არ გააჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ HSV-010 GT-მ ვიზუალური ელემენტები V10 პროტოტიპისგან ისესხა, ის მაინც Formula Nippon-ის ბაზაზე შექმნილ V8 აგრეგატს დაეყრდნო. ავტომობილი დაახლოებით 500 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა და ჩემპიონის ტიტული სადებიუტო სეზონშივე მოიპოვა. ოთხი სეზონის განმავლობაში მან 10 რბოლაში გაიმარჯვა, სანამ 2014 წელს მას მეორე თაობის NSX ჩაანაცვლებდა.

ეს ავტომობილი დღემდე განსაკუთრებულია, რადგან Honda-ს ისტორიაში V8 ძრავით აღჭურვილი სერიული სუპერქარი არასდროს შეუქმნია (მისი ერთადერთი V8 სამგზავრო მოდელი 90-იანების რებრენდირებული Land Rover Discovery იყო). HSV-010 GT რჩება სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო NSX, Honda-ს გეზი რომ არ შეეცვალა და ჰიბრიდული V6-ის ნაცვლად, ტრადიციული, მძლავრი ატმოსფერული ძრავების გზით წასულიყო.

როგორ ფიქრობთ, იქნებოდა თუ არა მეორე თაობის NSX უფრო წარმატებული, HSV-010-ის მსგავსი აგრესიული V8 ძრავა და წინა განლაგება რომ ჰქონოდა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები