რჩევები, კვლევა, მართვის მოწმობა, მავნე ჩვევები
Aa
Aa

კვლევა | ავტომობილის მართვის მავნე ჩვევებს მოზარდები მშობლებისგან სწავლობენ

ამერიკაში 80-იან წლებში პოპულარული იყო ერთი სოციალური რეკლამა, სადაც მამა შვილს ნარკოტიკების მოხმარებაზე გამოიჭერს. კითხვაზე, თუ სად ისწავლა ეს, შვილი პასუხობს: „შენგან ვისწავლე“. ეს ფრაზა ნათლად გამოხატავს იმას, რომ ბავშვები მშობლების ქცევას ქვეცნობიერად ითვისებენ. ბრიტანული მართვის სკოლის, Young Driver-ის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ზუსტად იგივე პრინციპი ავტომობილის მართვის დროსაც მუშაობს.

კვლევის ფარგლებში 1 000 ბრიტანელი მშობელი გამოიკითხა. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ მშობლები შვილებთან ერთად ავტომობილში კვირაში 3 საათსა და 51 წუთს ატარებენ. თუ ამ მონაცემს 17 წელზე (მართვის მოწმობის აღების ასაკამდე) გადავამრავლებთ, გამოდის, რომ ბავშვი დაახლოებით 3 400 საათის განმავლობაში აკვირდება მშობელს საჭესთან.

ეს არის დრო, როდესაც მომავალი მძღოლი ქვეცნობიერად ილექავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის დასაშვები და რა — არა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის პირველი წლები შესაძლოა ნაკლებად შედეგიანი იყოს, მოზარდობისას დაგროვილი დაკვირვებები პირდაპირ აისახება მათ მომავალ მართვის სტილზე.

გამოკითხული მშობლების მხოლოდ 13%-მა განაცხადა, რომ მათ მართვის ცუდი ჩვევები არ გააჩნიათ. დანარჩენებმა კი აღიარეს დარღვევები, რომლებიც უწყინარიდან სახიფათომდე მერყეობს. აი, ყველაზე გავრცელებული ჩვევების სია:

  1. მუსიკის შეცვლა მართვისას (53%) 
  2. ჭამა საჭესთან (48%)
  3. სიჩქარის გადაჭარბება (35%)
  4. ტელეფონით სარგებლობა (29%)
  5. სასმლის დალევა (27%)
  6. დისტანციის დაუცველობა წინა ავტომობილთან (26%)
  7. მოხვევის ციმციმას გამოუყენებლობა (17%)
  8. „ბრმა ზონების“ შეუმოწმებლობა (15%)
  9. ნელი ზოლიდან გასწრება (15%)
  10. გზის გადაჭრა (12%)

მიუხედავად იმისა, რომ ჭამა ან მუსიკის შეცვლა დიდად მძიმე დარღვევა ვერ არის, თუმცა ტელეფონის გამოყენება, სიჩქარის გადაჭარბება და მანევრირების წესების დარღვევა კრიტიკულ საფრთხეებს წარმოადგენს.

ამერიკის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია (NHTSA) ურჩევს მშობლებს, იყვნენ აქტიურები სწავლების პროცესში. ბევრ შტატში მოქმედებს „ზედამხედველობის ქვეშ მართვის“ წესი, რაც მშობელს აიძულებს, გარკვეული პერიოდი ავტომობილში შვილთან ერთად გაატაროს. 

დასკვნა ერთია: სანამ შვილს ავტოსკოლაში მიიყვანთ, გახსოვდეთ, რომ მისი პირველი და ყველაზე გავლენიანი მასწავლებელი თქვენ ხართ. სიჩქარის გადაჭარება თუ ხელში აღებული ტელეფონი — ეს არის გაკვეთილი, რომელსაც ის მომავალში აუცილებლად გამოიყენებს.

CrystalAuto-ს რჩევა: იყავით ისეთი მძღოლი, როგორიც გინდათ, რომ თქვენი შვილი იყოს.

მსგავსი სიახლეები