მასკის დამტვრეული $1-მილიონიანი McLaren-ის ორიგინალი ნაწილები 25 წლის შემდეგ გამოჩნდა
ცნობილია, რომ ილონ მასკმა ერთხელ თავისი McLaren F1 დაამტვრია, რომელიც დაუზღვეველი ჰყავდა და თან $1 მილიონი ღირდა. ფლორიდელმა მამაკაცმა კი, დაახლოებით 25 წლის შემდეგ, ავარიისგან გადარჩენილი ორიგინალი „ნაწილები“ აღმოაჩინა. თავდაპირველად იუთუბერებმა იდუმალ ყუთს მიაგნეს, რომელშიც, მათი თქმით, სწორედ იმ სუპერქარის ნაწილებია მოთავსებული, რომელიც მასკმა 2000-იანი წლების დასაწყისში შეიძინა, თუმცა მალევე დაამტვრია.

რეალურად კი, ისტორია 1990-იანი წლების მიწურულს იწყება. მაშინ, როდესაც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თავისი პირველი კომპანია Zip2 სოლიდურ თანხად, $22 მილიონად გაყიდა. ამ წარმატების აღსანიშნავად კი, მან $1-მილიონიანი ღირებულების McLaren F1 შეიძინა. მოდელი იმდენად ექსკლუზიური იყო, რომ ის სულ 106 ეგზემპლარად გახლდათ გამოშვებული და მის მფლობელებს შორის ისეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ, როგორიც, მაგალითად, ჯორჯ ჰარისონია.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა ამერიკელი ბიზნესმენის სუპერქარს დიდხანს გზებზე დარჩენა არ ელოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ავტომობილი შეძენიდან რამდენიმე თვეში დაამტვრია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ავტომობილს საკმაოდ ხშირად მართავდა, მაგალითად, პირველ წელს ამ მოდელით 17 000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა.

შემდგომში მან ავტომობილის შეკეთება სცადა და საბოლოოდ, McLaren-ი მის საკუთრებაში 2007 წლამდე დაიტოვა. ამის შემდგომ უკვე ავტომობილის ისტორია ბურუსითაა მოცული, თუმცა McLaren Palm Beach-ის თანახმად, 2009 წელს სუპერქარს ცეცხლი გაუჩნდა და ამის შემდგომ, როგორც ჩანს, McLaren Special Operations-ში სრული რესტავრაციისთვის გაგზავნეს.
2026 წელს ორმა იუთუბერმა საიდუმლო ყუთში სწორედ ამ მანქანის ნაწილები იპოვა. ისინი იმ ადამიანს ეკუთვნოდა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში, ავარიის შემდგომ, მანქანის აღდგენაში მონაწილეობდა და შემდგომ ორიგინალი ნაწილები შეინახა. ყუთში იყო კარბონის უკანა ბამპერი, რომელიც შესაძლოა $100 000-მდე გაიყიდოს, ასევე Goodyear Eagle F1-ის საბურავები, $60 000-იანი ღირებულებით. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწევა ამ ნაწილებს, თუმცა გაყიდვის შემთხვევაში, საკმაოდ სოლიდური თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი.