Formula 1-ში V8 ძრავები ბრუნდება | FIA-ს ხელმძღვანელი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა ის, რასაც Formula 1-ის გულშემატკივრები ამდენი ხანია მოუთმენლად ელოდებიან. მოჰამედ ბენ სულაიემის განცხადებით, ჩემპიონატი არსებული V6 ჰიბრიდული ძრავებიდან ბევრად უფრო „ხმაურიან“ V8 ძრავებზე გადავა. თუმცა, ამ ცვლილებას 2030 წლისთვის, ყველაზე გვიან კი 2031 წლისთვის უნდა ველოდოთ.
„ეს იგეგმება და, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია, როდის“, — განაცხადა FIA-ს ხელმძღვანელმა. „2031 წელს FIA-ს, ძრავის მწარმოებლების ხმის მიცემის გარეშე, ექნება ამის გაკეთების უფლებამოსილება. ეს რეგულაციაა. თუმცა გვსურს, რომ ჩვენ [V8 ძრავები] ერთი წლით ადრე შემოვიტანოთ, რასაც ყველა ითხოვს“.

მიმდინარე სეზონში Formula 1-ის ჩემპიონატში ძრავების ახალი ეპოქა დაიწყო. ახლა უკვე აგრეგატები დაახლოებით 50-50-ზე პრინციპით იყოფა ელექტრო და შიგაწვის ძრავებს შორის და, ამავდროულად, სრულად მდგრად საწვავსაც იყენებს. მრბოლელების თქმით, ისინი იძულებულნი არიან, მაღალსიჩქარიან მოსახვევებში გაზს ფეხი ნაადრევად აუშვან და ინერციით იარონ, რათა ჰიბრიდულმა სისტემამ ბატარეის დამუხტვა მოასწროს. პილოტები თვლიან, რომ მსგავსი პრაქტიკა სახიფათოა, რადგან ტრასაზე სხვადასხვა რეჟიმში მყოფ მანქანებს შორის სიჩქარის სხვაობა დიდია და, განსაკუთრებით რბოლის დასაწყისში, ავარიის რისკს ზრდის.

ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც FIA-ს ხელმძღვანელი ჩემპიონატში V8 და V10 ძრავებზე გადასვლას ღიად უჭერს მხარს. ძრავის ამჟამინდელი რეგულაციები კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, როგორც ჩანს, სულაიემი ახლა უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება, ვიდრე ადრე.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?
მოჰამედ ბენ სულაიემის განცხადებით, ცვლილებების შეტანა 2030 წლისთვისაც შესაძლებელი იქნება. თუმცა, ამისთვის ძრავების ექვსი მწარმოებლიდან სულ მცირე ოთხმა, მათ შორის Cadillac-ის პარტნიორმა General Motors-მა, მას მხარი უნდა დაუჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი FIA ამას უკვე 2031 წელს გააკეთებს — მაშინ, როდესაც მათგან თანხმობის მიღების საჭიროება აღარ იქნება.