ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ელექტრომობილები შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებზე სანდოა
თუმცა მათ ერთი საერთო პრობლემაც აქვთ...
გამონაბოლქვზე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით, ბოლო წლებში ავტომწარმოებლებს ელექტრიფიკაციის გეგმების დაჩქარება უწევთ. თუმცა, თან მოქნილი სტრატეგიის შემუშავებაზეც ფიქრობენ, რადგან ბაზრისა და მომხმარებლების მხრიდან EV-ების მიმღებლობა ისეთ დონეზე არაა, რომ კომპანიები სრულად მათ წარმოებაზე გახდნენ დამოკიდებულნი. ამის მიუხედავადაც, გზებზე ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება და ამ ფაქტთან შეგუება შიგაწვის ძრავის მოყვარულ მძღოლებსაც უწევთ — რაც არ უნდა სძულდეთ მათ EV-ები და მათ არასაიმედოობაზე მიუთითებდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
სწორედ ელექტრომობილების არასაიმედოობაზე „გამეფებულ“ მოსაზრებას პასუხობს უახლესი კვლევა, რომელიც ევროპის უმსხვილესმა საავტომობილო ასოციაციამ, „გერმანიის საავტომობილო კლუბმა“ (ADAC) წარადგინა. მისი თანამშრომლები, რომლებსაც თავიანთი კაშკაშა ფორმების გამო ზოგჯერ „ყვითელ ანგელოზებად“ მოიხსენიებენ, გასულ წელს 3.6 მილიონამდე გამოძახებას გამოეხმაურნენ. თითოეული შემავალი ზარიდან მათ მომხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალები შეაგროვეს და შედეგად საკმაოდ დიდი ბაზაც შექმნეს. როგორც ახლა ADAC-ის კვლევა ამტკიცებს, სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საიმედოობის ომს შესაძლოა „ჩუმად“ ელექტრომობილები იგებდნენ.
საინტერესოა, რომ 2024 წელს ADAC-მა ელექტრომობილების საიმედოობის შესახებ საბოლოო დასკვნებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ იმ დროისთვის საკმარისი მონაცემები არ ჰქონდა. ეს კი წელს შეიცვალა და თან — ელექტრომობილების სასარგებლოდ.

ADAC-ის თანახმად, ახალი მონაცემების დამატებასთან ერთად, ელექტრომობილების საიმედოობაზე მათი ვარაუდები გამყარდა. მართალია, ელექტრომობილების მომსახურებაზე გამოძახებათა რაოდენობა გაზრდილია, თუმცა 3.6 მილიონი შემთხვევიდან მათზე 43 678 ზარი მოდის, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.2%-ია.
ორგანიზაციამ თავის საბოლოო კვლევაში აღნიშნა, რომ გამოძახებათა ზრდა, სავარაუდოდ, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთანაა პირდაპირ კავშირში. ამავდროულად კი, შედეგები ახლა უფრო ზუსტია, რადგან გზებზე მოძრავი ელექტრომობილების ნაწილი უკვე ერთი წლით ძველია.

„2020-დან 2022 წლამდე რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის, ყოველ 1 000 ელექტრომობილზე 4.2 ავარია მოდის“, — წერს გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი. საინტერესოა, რომ იმავე ასაკის, ოღონდ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილებისთვის ეს მაჩვენებელი 10.4 იყო.
აქვე საინტერესო ფაქტია, რომ ორივე ტიპის ძრავის მქონე ავტომობილების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული პრობლემა იდენტურია: 12-ვოლტიანი აკუმულატორები. ელექტრომობილების გაუმართაობის შემთხვევათა 50%-ში, ხოლო შიგაწვის ძრავიანების შემთხვევაში 45%-ში, მიზეზი სწორედ აკუმულატორი იყო.
ასევე იხილეთ: რატომ სჭირდებათ ელექტრო და ჰიბრიდ ავტომობილებს საბურავების უფრო ხშირი შეცვლა?
ერთადერთი, სადაც ელექტრომობილებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ, საბურავებია, რაზეც ადრეც გვისაუბრია. კერძოდ, ყოველ 1 000 ავტომობილზე საბურავების გამო დახმარება 1.3 ელექტრომობილს დასჭირდა, მაშინ როცა შიგაწვის ძრავიანების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.9-ია. აღსანიშნავია, რომ შედარებით ახალ ელექტრომობილებს ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.