Dodge Charger-ის მძღოლი 3 წლის შვილთან ერთად პოლიციას გაექცა და ავარიაში მოყვა | ვიდეო
პოლიციისგან გაქცევა ერთ-ერთი ყველაზე არასწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც შეიძლება მძღოლმა მიიღოს, თუმცა როდესაც ამას უკანა სავარძელზე მყოფ მცირეწლოვანთან ერთად აკეთებ, ეს სრულიად სხვა კატეგორიის დანაშაულია. ცოტა ხნის წინ ამერიკაში პოლიციელები სწორედ ასეთი შემთხვევის მომსწრენი გახდნენ. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორეგისტრატორის კადრები, სადაც წითელი Dodge Charger-ის მძღოლი პოლიციას გაურბის.
საბედნიეროდ, დევნა არა ხალხმრავალ ქალაქში, არამედ წყნარ სასოფლო გზაზე მიმდინარეობდა. პოლიციელმა ტრადიციული PIT მანევრის (ავტომობილის გვერდიდან დაკვრის) ნაცვლად, Charger-ს უკნიდან ოდნავ უბიძგა. ეს ძალა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Dodge გზიდან მინდორზე გადასულიყო, სადაც ქალმა მართვა დაკარგა, მანქანა გზის მეორე მხარეს გადასრიალდა და სახურავზე გადაბრუნდა.
რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ, გადაბრუნებული მანქანის უკანა კარი გაიღო და იქიდან 3 წლის ბავშვი გამოძვრა — აშკარად შეშინებული, თუმცა უვნებელი, და პოლიციელისკენ გაიქცა. მოგვიანებით მანქანიდან თავად მძღოლიც გადმოძვრა და აღიარა, რომ გაქცევა მართვის მოწმობის არქონის გამო გადაწყვიტა.
„მხოლოდ იმის გამო გამირბოდი, რომ ლიცენზია არ გაქვს? ბავშვი კინაღამ მოკალი, გესმის ჩემი?! ეს იყო ყველაზე სულელური გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიგიღია!“, — ამბობს ვიდეოში ანერვიულებული პოლიციელი.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, ქალი გაქცევისას 130 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა იქ, სადაც ლიმიტი 88 კმ/სთ იყო. ის დაუყოვნებლივ დააკავეს და ბრალი წაუყენეს სახიფათო მართვისთვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილებისთვის და არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის. გარდა ამისა, ვინაიდან ავტომობილი მის მეგობარ მამაკაცს ეკუთვნოდა, მას სხვისი ქონების დანაშაულებრივი მიზნით უნებართვო გამოყენების ბრალდებაც დაემატა.